“ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდაპარტიული მართვის გადაფორმებისა და რეფორმების ფონზე, უახლოეს დღეებში მმართველი ორგანოს — პოლიტიკური საბჭოს სხდომა უნდა ჩაინიშნოს. საქმე იმაშია, რომ 8 ივლისს საბჭოს მოქმედ ყველა წევრს უფლებამოსილების ვადა ოფიციალურად ეწურება.
“გურია ნიუსი” ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თამჯდომარეს, კახა ასკურავას დაუკავშირდა. ჩვენ მას ვკითხეთ, თუ როდის იგეგმება შეკრება და ვინ არიან ის ახალი სახეები, რომლებსაც განახლებულ მმართველ ორგანოში ვიხილავთ.
_ 8 ივლისს პოლიტიკური საბჭოს ყველა წევრს ეწურება უფლებამოსილება. ვინ არიან ორგანიზაციის კანდიდატები, რომლებსაც პარტიის განახლებულ მმართველ ორგანოში — პოლიტსაბჭოში წარადგენთ?
კახა ასკურავას განცხადებით, ამ ეტაპზე კონკრეტული კანდიდატების ვინაობა შიდა გუნდისთვისაც კი უცნობია და გადაწყვეტილებები უშუალოდ სხდომამდე არ გასაჯაროვდება:
„ჯერ არ არის რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული და პოლიტსაბჭოს სხდომამდე არ გვეცოდინება არაფერი. უახლოეს დღეებში შევიკრიბებით პოლიტსაბჭოს სხდომაზე და შემდეგ გვექნება კითხვებზე პასუხი“.
ეს პროცესი ემთხვევა პარტიაში მიმდინარე უფრო მასშტაბურ რეფორმას, რომელიც ერთპიროვნული თავმჯდომარეობის ნაცვლად მართვის ახალ, კოლეგიალურ ფორმატზე გადასვლას გულისხმობს. ამ ფონზე, პოლიტსაბჭოს მომავალი სხდომა განსაზღვრავს, თუ ვინ ჩაუდგება სათავეში პარტიის განახლებულ ბირთვს.


































































