„ასტრაზენეკათი“ კვლავ 55 წელს ზევით ადამიანები აიცრებიან, _ ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
„ლაპარაკი იყო ვაქცინაზე, ხომ არ დავწიოთ ასაკი 55 წლის ქვემოთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში ასაკი დარჩეს იგივე, იმიტომ, რომ ყველაზე ანგარიშგასაწევი ქვეყნები: გერმანია, საფრანგეთი, სკანდინავიის ქვეყნები ასე იქცევიან. მათ ჩაატარეს დიდი კვლევები და ჩათვალეს, რომ ეს ასეა საჭირო, რადგან ის მინიმალური თრომბოზიც კი, რომელიც არის, სწორედ 55 წლის ქვემოთ არსებობს. მართალია, ეს არის ერთეული შემთხვევები, მიზერი იმასთან შედარებით, რა თრომბოზებიც კოვიდის დროს ვითარდება. ასე რომ „ასტრაზენეკას“ დროს შენარჩუნებული იქნება ასაკი 55 წელი და ზევით. სამაგიეროდ, თუ უკვე დაიწყო რეგისტრაცია და თუ აღდგომის შემდეგ 4 მაისს, ბრუნვაში უკვე წავა „სინოფარმი“, რომლის განხილვაც ჯანმო-ში დღეს არის და დიდი მოლოდინია, რომ ის ავტორიზაციას მიიღებს, „სინოფარმზე“ გახსნილი იქნება ყველა ზღუდე. ყველა ასაკის ადამიანს შეეძლება, რომ აიცრას“, – აცხადებს ცერცვაძე.
მისივე განმარტებით, ძალიან სასიხარულო ინფორმაციაა, რომ უკვე ხელმოწერილია კონტრაქტები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო მესამე კვარტალში ალბათ, მიიღებს ერთ მილიონ დოზა „ფაიზერს“ და ერთ მილიონ დოზა „ნოვოვაქსს“.
„ნოვოვაქსი“ ჩემი, როგორც ერთი ექიმის თვალსაზრისით, იქნება ყველაზე უკეთესი ვაქცინა მსოფლიოში, ოღონდ ახლა არ დაიწყოთ დაცდა „ნოვოვაქსისთვის“ იმიტომ, რომ ის იქნება ივლის-აგვისტოში და ივლის-აგვისტომდე ჩვენ ვერ მოვითმენთ, ივლის-აგვისტომდე ჩვენ უნდა გადავტეხოთ წელში ეპიდემია და რადგან ჩვენ მთელი მოსახლეობა უნდა ავცრათ წლის ბოლომდე, „ნოვოვაქსიც“ მოგვისწრებს. მეტსაც გეტყვით, ზოგიერთს, ვინც „ასტრაზენეკათია“ აცრილი, 6 თვე გავა და ხელმეორედ მოუწევს აცრა. „ნოვოვაქსი“ ეს არის სუფთა, გასუფთავებული ცილები, რომელიც პრაქტიკულად თავისუფალია ყველანაირი გვერდითი მოვლენებისგან. ის არის გრიპის ვაქცინის ანალოგი და გრიპის ვაქცინა არანაირ გვერდით მოვლენებს არასდროს იძლევა“, – განაცხადა ცერცვაძემ.