რა ხდება რეალურად პოლიციაში მაშინ, როცა საქმეების გახსნა უჭირთ, როგორ აყენებენ შეურაცხყოფას და ახდენენ ფსიქოლოგიურ თუ ფიზიკურ ძალადობას მოწმეებზე, _ ამასთან დაკავშირებით “გურია ნიუსი“ არაერთხელ წერდა.
“შეურაცხყოფილს, შეშინებულს, გაუსაძლისს სტრესულ მდგომარეობაში მყოფს ხელი ისე მომაწერინეს ჩვენებაზე, არც კი გამაცნეს, ისე მოხდა ფოტოსურატით ამოცნობა, ადვოკატი არ ესწრებოდა და ოქმზე ხელი ადვოკატს აქვს მოწერილი. მამცირებდნენ, სახლში ღამის 2 საათზე მომაკითხავდნენ და ჩემი ოჯახის წევრებს აშანტაჟებდნენ, თავს დამტრიალებდა ათი პოლიციელი, რომლებიც რიგრიგობით თავს წამომარტყამდნენ ხოლმე“, _ ეს ამონარიდია, ერთ-ერთი მოწმის სასამართლო ჩვენებიდან, ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში ბრალდებული გოჩა გაფრინდაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე.
სასამართლო პროცესი, რომელსაც მოსამართლე ბიძინა სტურუა განიხილავს, 12 საათზე უნდა დაწყებულიყო, რომელიც ორი საათით გადაიდო და შემდეგ 5 საათის განმავლობაში გაგრძელდა.
2017 წლის 12 თებერვალს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს ცენტრალურ გზაზე ინციდენტი მოხდა _ ბახვიჰესის წარმომადგენელს გია კილანავას სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს. კილანავას რამდენიმე მძიმე ოპერაცია ჩაუტარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღესაც უმძიმესია და სამართალდამცავების მიერ მისი დაკითხვა ამ დრომდე ვერ ხერხდება. შესაბამისად, მას ბრალდებულის წინააღმდეგ ჩვენება არ მიუცია.
სამართალდამცავების თქმით, ინციდენტს ერთი თვითმხილველი ჰყავს, სოფელ დვაბზუში მცხოვრები ხარიტონ დათუნაშვილი, რომელმაც სასამართლო პროცესზე ჩვენება უკვე მისცა.
სისხლის სამართლის საქმეს ერთი ბრალდებული ჰყავს. ბრალდების მხარის მტკიცებით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა “ბახვიჰესის” წარმომადგენელს გია კილანავას სწორედ გ. დ.-მ მიაყენა.
განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობს ბრალდებულის ადვოკატი და „გურია ნიუსთან“ აღნიშნავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დამნაშავე არაა.
22 ივნისს, ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში მოწმეებმა ნანა ტუღუშმა, ლელა სურმანიძემ, გიორგი წუწუნავამ და ხარიტონ დათუნაშვილმა ჩვენებები მისცეს.
პროკურორის მიერ წარდგენილი ჩვენებები მათ აღიარეს და განმარტეს, რომ ამ ჩვენებებს ხელი მათ პოლიციაში სტრესის, ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ზეწოლის შედეგად მოაწერეს.
მოწმე ნანა ტუღუშმა არ უარჰყო რომ ჩვენებას ხელი მოაწერა და პოლიციის მიერ უფლებამოსილების გადამეტებაზე და მათ მიერ შეურაცხყოფაზე გაამახვილა ყურადღება.
“შეურაცხყოფილად ვგრძნობდი თავს, გაუსაძლის მდგომარეობაში ვიყავი. ღამე 8 საათი პოლიციაში გამატარებინეს ადვოკატის გარეშე. მართალია, ეს ჩვენებები ჩემ მიერ ხელმოწერილი ნამდვილად არის, ოღონდ ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად. ისე დაწერეს ჩვენება, რომ ჩემთვის არ შეუთანხმებიათ, ხელი მოვაწერე იმის გამო, რომ მთელი ღამე პოლიციაში მამყოფეს. არ უარვყოფ ხელისმოწერას, არავის არ გაუცნია დაწერილი ჩვენება, ადამიანი არ ვარ, უფლებები არ მაქვს? არაერთხელ წამიყვანეს ძალით, ასე ვთქვათ, ჩამტენეს პოლიციის მანქანაში, გამომართვევინეს ტელეფონი. იქნება, ადვოკატი მინდოდა ამეყვანა, იქნება დამცველი მჭირდებოდა? ეს არ არის ზეწოლა? ზეწოლას რა ეძახით, მანცდამაინც უნდა ვეცემე? ქალი ვიყავი და არ მცემეს, დანარჩენი, რაც შეიძლებოდა, ყველანაირი შეურაცხყოფა მომაყენეს პოლიციაში. მე ისეთ რაღაცას ვერ შევთითხნი, რასაც მაძალებთ, ბატონო პროკურორო, უდანაშაულო კაცს ვერ დავაბრალებ“, _ აღნიშნა ნანა ტუღუშმა.
მოწმე გიორგი წუწუნავამ ყურადღება ჩვენებაზე გაამახვილა. მან აღნიშნა, რომ ჩვენება დაწერეს მასთან შეთანხმების გარეშე და ხელი ისე მოაწერინეს, წაკითხვა ვერ შეძლო, რადგან სათვალის გარეშე ვერ ხედავდა და სათვალის გამოყენების საშუალება კი არ მისცეს.
სასამართლოზე ბოლოს ხარიტონ დათუნაშვილი დაიკითხა, რომელმაც გაიხსენა როგორ დაჭრეს მისი ოჯახის უახლოესი გია კილანავას.
“მოვდიოდით მე და გია კილანავა, გზაზე შავი ფერის მანქანამ ფარები აგვინთო, შემდეგ დვაბზუს დასაწყისში გადავაყენეთ. გია ჩავიდა და 2 წამში მოხდა ყველაფერი, არაფერი ვიცი, არაფერი მახსოვს, არ ვიცნობ პიროვნებას, ვინც გაისროლა“.
პროკურორმა ხარიტონ დათუნაშვილს მისი პოლიციაში დაკითხვის ჩვენებიდან ამონარიდი გააცნო, სადაც აღნიშნული იყო, რომ ხარიტონი იცნობდა ბრალდებულს.
ამის შემდეგ “ოქროს მოწმემ“ მოსამართლე ბიძინა სტურუას მისცა ჩვენება, თუ როგორ მოხდა ფოტოსურათით ამოცნობა და ჩვენებაზე ხელმოწერა.
დათუნაშვილი ამ ყველაფერში კი სახაზინო ადვოკატს მერაბ ფუტკარაიას ადანაშაულებს. მისი თქმით, ადვოკატმა დაიცვა პოლიციის მხარე და უფლებების ქვეშ მყოფი პირი მოატყუა და ჩვენებაზე ხელი, მისი გაცნობის გარეშე მოაწერინა:
“ფოტოსურათით ამოცნობა ჩატარდა პოლიციაში მესამე სართულზე ბოლო ოთახში, მარჯვენა მხარეს. ვისზეც ეჭვი ჰქონდათ, პირველად პოლიციაში გავიგე ამ პიროვნების შესახებ. დაადე ფოტოსურათს ხელიო, _ მითხრეს. როგორ დამედო, როცა არ ვიცნობდი კაცს. აღნიშნულ პროცესს კი ჩემი ადვოკატი მერაბ ფუტკარაია არ ესწრებოდა და მერე ოქმზე საიდან აღმოჩნდა მისი ხელმოწერა, გაურკვეველია“, _ თქვა დათუნაშვილმა.
„მთელი ერთი თვე მაწამებდნენ ფსიქოლოგიურად, ვარ შაქრიანი დიაბეტით დაავადებული და თავდაპირველად პოლიციაში ჩემი დაკითხვა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. წამლის დალევის საშუალებაც კი არ მომცეს. დამიბარებდნენ, ორი საათი გამაჩერებდნენ, გამიშვებდნენ, ისევ დამიბარებდნენ, სახლში მაკითხავდნენ დღე-ღამის განმავლობაში უამრავჯერ. არ ერიდებოდნენ მოხუც დედას, არც მეუღლეს, გვაშანტაჟებდნენ, გვემუქრებოდნენ“, _ ამბობდა ხარიტონ დათუნაშვილი, რომელიც აღნიშნავდა, რომ პროკურორის მიერ წარდგენილ ჩვენებებზე ხელი მოაწერა ადვოკატის ნდობის საფუძველზე:
“ჯერ ერთი, საერთოდ არ მჭირდებოდა ადვოკატი, მე ჩემი სიმართლე მქონდა და ამას ისედაც დავამტკიცებდი, მაგარმ მათ ამიყვანეს, ვენდე მერაბ ფუტაკარაიას, რომელიც ჩემი ოჯახის ახლობელია. დავუჯექი, მოვუყევი სიმართლე, რომ არ ვიცნობდი დამნაშავეს, არც მის შესახებ ვფლობდი რაიმე ინფორმაციას, ვენდე მას და მან მომატყუა. ჩემს ჩვენებას ხელი ისე მოაწერა და მომაწერინა, რომ არც კი გამაცნო. როცა ჩემი ოჯახის წევრები ღამის 2 და 3 საათზე გამოჰყავდათ სახლიდან, დავურეკავდი ადვოკატს და არ მპასუხობდა, შემდეგ გამირბოდა და აღარ მიჩნდებოდა.
წამართვეს ჩემი მეუღლის მანქანა, რომელიც სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო ჩემი ოჯახისთვის. ერთი შვილი ეპილეფსიით დაავადებული მყავს, მეორე _ გარდაცვლილი. ისედაც გამწარებული კაცს სულ გამიმწარეს ცხოვრება. ეს ყველაფერი მას შემდეგ გავიგე, რაც სხვა ადვოკატი ავიყვანე, რომელმაც წამიკითხა, თუ რამე მქონდა მოწერილი ხელი.
დამცინოდნენ პოლიციაში, დღეში ასჯერ დამიბარებდნენ, მაცდევინებდნენ, გამიშვებდენ. მომაკითხავდენ, დამიბარებდნენ, მირტყამდნენ კიდეც, პოლიციაში ათი კაციდან ხან ერთი წამომარტყამდა თავზე, ხან _ მეორე, მაფურთხებდნენ. განსაკუთრებით მახსოვს სახელი ნუკრი ცარციძე, რომელიც პოლიციის მაღალჩინოსანია. მერე მაიძულეს წავსულიყავი თბილისში და კილანავასთვის მეთქვა, რომ ან მე უნდა ვაღიარო ან შენ-მეთქი, დამალაპარაკეს სკაიპში, როცა თბილისში ვიყავი, ჩემს მეუღლეს მიაკითხეს და პოლიციაში წაიყვანეს. მთელი ცხოვრება სინდისით მიცხოვრია“, _ განაცხადა ხარიტონ დათუნაშვილმა, რომელიც ცრემლებს ვერ იკავებდა და მოსამართლეს თავისი სიმართლის დამტკიცებას სთხოვდა:
“თქვენ არ იცით, ბატონო მოსამართლევ, როგორ ველოდი ამ დღეს, რომ სასამართლოს წინაშე ჩემი სიმართლე მეთქვა“.
ჩვენ შევეცადეთ სასამართლო პროცესზე გაჟღერებული ინფორმაციები გადაგვემოწმებინა სახაზინო ადვოკატ მერაბ ფუტკარაიასთან, რომელსაც ვკითხეთ _ მოატყუა თუ არა მისი უფლებების ქვეშ მყოფი პირი, მოაწერინა თუ არა ჩვენებს ხელი მისი ნებართვის გარეშე, დაიჭირა თუ არა პოლიციის მხარე, _რაზედაც ფუტკარაია გვპასუხობს:
“თქვენ გჯერათ ამის, თუ მოსამართლემ დაიჯერა? რა პასუხს ელოდებით ჩემგან? რაც მევალებოდა, ის გავაკეთე, მეტი ამ საქმესთან დაკავშირებით არ დამირეკოთ“, _ გვითხრა მან.
შსს აცხადებენ, რომ თუ მოწმის სახით დაკითხულ დათუნაშვილს პოლიციის მიმართ თუ რაიმე სახის პრეტენზია აქვს, შეუძლია შსს-ს გენერალურ ინსპექციას მიმართოს.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, მომდევნო სასამართლო პროცესი 28 ივნისს 12 საათზე ჩაინიშნა.