იმუნიზაცია სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სახიფათო დაავადებებისგან დაცვის ყველაზე ეფექტური საშუალებაა!
იმუნიზაცია ყველა დროის უდიდეს სამედიცინო მიღწევათა ათეულშია. იმუნიზაციით ყოველ წელს მილიონობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა ხერხდება. ვაქცინა, ორგანიზმის ბუნებრივ იმუნიტეტთან ერთად, ამცირებს დაავადებების განვითარების და გართულების რისკს. ამ ეტაპზე 20-ზე მეტი სიცოცხლისთვის საშიში დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინა არსებობს. მათი წყალობით ადამიანები თავიდან იცილებენ ან მარტივად უმკლავდებიან ამ დაავადებებს და შესაბამისად, უფრო დიდხანს და ჯანმრთელად ცხოვრობენ. იმუნიზაცია ყოველ წელს 3.5-5 მილიონი ადამიანის სიცოცხლეს იცავს ისეთი სახიფათო დაავადებებისგან, როგორიცაა ტეტანუსი, დიფთერია, ყივანახველა, გრიპი თუ წითელა. იმუნიზაციით მნიშვნელოვნად შემცირდა ვაქცინაციით მართვადი დაავადებები (ყვავილი, მაგალითად, სრულიად აღმოიფხვრა). თუმცა, რუტინული იმუნიზაციის შემცირების შემთხვევაში კვლავ არსებობს ამ დაავადებების გავრცელების შანსი. ამის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ყველა ბავშვს დროულად ჩაუტარდეს რუტინული იმუნიზაციის კალენდრით გათვალისწინებული ყველა ვაქცინა (აცრა). კვირეულის ძირითადი გზავნილებია: _ ყველა დოზა მნიშვნელოვანია: თქვენი შვილების სიცოცხლისთვის სახიფათო ინფექციებისგან დასაცავად ბავშვებს ჩაუტარეთ რუტინული იმუნიზაციის კალენდრით გათვალისწინებული ყველა აცრა. _ ისაუბრეთ ვაქცინაციაზე: პაციენტებსა და სამედიცინო პერსონალს შორის ღია საუბარი ვაქცინაციაზე ხელს უწყობს ვაქცინაციის მნიშვნელობისა და საჭიროების უკეთ გააზრებას და აცრების რეკომენდებული გრაფიკის დაცვას. _ ადამიანის პაპილომავირუსის ვაქცინა არის უსაფრთხო და ეფექტური დაცვა საშვილოსნოს ყელის კიბოსაგან. |
Developed By Web Features 2024 © All rights reserved