“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, საკრებულოს წევრი დავით მჟავანაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2016-2017 წლის სახელმწიფო აუდიტის დასკვნას ეხმაურება.
მჟავანაძის თქმით, “განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს ანგარიშის ის ნაწილი, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მხრიდან საკონსულტაციო შესყიდვას შეეხება”:
“მუნიციპალიტეტის კორუმპირებულ ხელმძღვანელთა მხრიდან ჩადენილ უკანონობასთან ერთად, ვფიქრობთ, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, სახელდობრ ანგარიშის ის ნაწილი, რომელიც მუნიციპალიტეტის მხრიდან საკონსულტაციო შესყიდვას შეეხება. კერძოდ აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია შემდეგი _ “2016 -2017 წლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტსა და შპს ,,დაუ +,, შორის გაფორმდა ხელშეკრულება საფინანსო საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაზე ღირებულებით 9,6 ათას ლარი.
ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,დაუ +,,-ს ევალებოდა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტების შესრულებისა და ანგარიშგების, პროექტის შედგენის, განხილვის, მიღების, ცვლილების შეტანის, შესრულების, ანგარიშგების, გარე და შიდა აუდიტის ჩატარების თაობაზე ახალი ნორმატიული აქტების, მოქმედ ნორმატიულ აქტებში შეტანილი ახალი ცვლილებებისა და სხვა მასალების მიწოდება.
მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანობის თაობაზე მოთხოვნილი ნებისმიერი კონსულტაციის მომზადება და მიწოდება. ასევე ზეპირი ან სატელეფონო განმარტებების მიწოდება.,,
აქედან გამომდინარე, ნათლად ჩანს, რომ მუნიციპალიტეტის მიერ მისაღები მომსახურება იმდენად ვრცელია, რომ იგი მთლიანად მოიცავს მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელ საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანობას.
ანუ, მუნიციპალიტეტის 19-მა თანამშრომელმა დაიქირავა შპს ,,დაუ +,, რომელიც თურმე ფაქტიურად და სრულად ასრულებდა იმ საქმიანობას, რომელიც ამ 19 თანამშრომლის კომპეტენცია იყო. თანაც გაცილებით უფრო იაფად, ვიდრე იგივე 19 თანამშრომელი.
უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ მუნიციპალიტეტს გარკვეული საქმიანობის განსახორციელებლად შტატით აყვანილი ყავდა 19 თანამშრომელი, შემდეგ კი ამ თანამშრომლების საქმიანობის განსახორციელებლად დაიქირავა კერძო კომპანია.
ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტის სამსახურები და საკრებულოს შესაბამისი კომისიები ქმედუუნარონი იყვნენ, თავი რომ დავანებოთ ნორმატიული აქტების შემუშავებას ახალ ნორმატიულ აქტებსა და მათში შეტანილ ცვლილებებს მიღება-ჩაბარების აქტებით იბარებდა მუნიციპალიტეტი შპს ,,დაუ +,,-სისაგან და მათი მოძიებითა და წაკითხვითაც არ იღლიდნენ თავს შესაბამისი თანამდებობის პირები.
დასკვნაში პირდაპირაა მითითებული, რომ მუნიციპალიტეტის თანაშრომლების ვალდებულებაა გაჩნდეთ შესაბამისი ცოდნა და კვალიფიკაცია, ანუ მიუთითებს მათ დაბალ კვალიფიკაციაზე, რომლის ასამაღლებლადაც არანაირ ღონისძიებას არ მიმართავდა მუნიციპალიტეტი.
ყველაფერი ეს გამოვლენილია იმისდა მიუხედავად, რომ ამავე მუნიციპალიტეტის თანაშრომლებს გავლილი აქვთ კონკურსები და ღონისძიებები მათი კვალიფიკაციის და უნარების დასადგენად, რის შედეგად მინიჭებული აქვთ თანამდებობრივი რანგები, მათ მაღალ თანამდებობზე გამწესებაზე გააჩნდათ და გააჩნიათ პრეტენზიები”, _ განაცხადა დავით მჟავანაძემ.