ბახმაროსკენ მიმავალ გზაზე, ქვაბღასთან, ავტომობილი, რომლითაც 6 ადამიანი, მათ შორის 8 თვის ბავშვი მგზავრობდა, ხიდიდან გადავარდა.
დაშავებულები ჩოხატაურის სამედიცინო ცენტრებში გადაანაწილეს, რომელთაგან 1-მა კლინიკა ამ დროისთვის უკვე დატოვა, 1 დაშავებული კი ქუთაისში გადაიყვანეს.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის თანაშემწის ნაბეღლავის ადმინისტრაციულ ერთეულში, ნოდარ ირემაძის ინფორმაციით, დაშავებულები ჩოხატაურელები არიან.
„ავტოკატასტროფა მოხდა ღამით. მოხდა სწრაფი რეაგირება. შემთხვევის ადგილას იმყოფებოდა სამაშველო სამსახური. სასწრაფომ დაშავებულები გადაიყვანა საავადმყოფოებში. ცალკე წაიღეს ავტომობილი.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჩოხატაურელები დაშავდნენ“,_ ამბობს ირემაძე.
ჩვენს კითხვაზე, ხშირია თუ არა ავტოსაგზაო შემთხვევები გზის ამ მონაკვეთზე, ნოდარ ირემაძე გვპასუხობს, რომ გზა აღნიშნულ მონაკვეთზე კარგია და არც ავარიები ხდება ხშირად.
„წელს ეს პირველი ავტოსაგზაო შემთხვევაა ამ ტერიტორიაზე. გზა ძალიან კარგია. მთავარია, მძღოლი იყოს ყურადღებით. რას უკავშირდება მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა, არ ვიცი“,_ გვპასუხობს ირემაძე.
6 დაშავებულიდან 2 _ მამაკაცი და ქალი “ჯანმრთელობის სახლ გურიაში“ გადაიყვანეს.
კლინიკის მთავარი ექიმი თემურ კოროშინაძე: „ჩვენთან შემოიყვანეს 2 დაშავებული პიროვნება 1 მამაკაცი და 1 ქალი. მამაკაცს ჰქონდა ყბის ძვლის მოტეხილობა და გადაგზავნილი იქნა ქუთაისში ქირურგიული ჩარევისთვის. ქალს ტვინის შერყევა და ნეკნის მოტეხილობა აღენიშნება“,_ გვითხრა კოროშინაძემ.
4 დაშავებული, მათ შორის 8 თვის ბავშვი ჩოხატაურის სამედიცინო ცენტრ “მედალფაში” შეიყვანეს.
„მედალფას“ დირექტორის, ანტონ ხუნდაძის თქმით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 1 პაციენტი უკვე გაწერეს და 2 დღეში დანარჩენებიც დატოვებენ კლინიკას.
„4 დაშავებული შემოიყვანეს ჩვენს კლინიკაში, 1 _ უკვე გავწერეთ და 3 _ რჩება. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ჩვენთან დაკვირების ქვეშ არის 8 თვის ბავშვიც. სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნება და 2 დღეში მასაც გავწერთ“, _ ამბობს ხუნდაძე.