ავღანეთში თავდასხმის შედეგად დაღუპული ქართველი სამხედროს, უმცროსი სერჟანტის, მდინარი ბებიაშვილის ცხედარი, აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით შესრულებული სპეციალური რეისით, დღეს სამშობლოში ჩამოასვენეს.თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამართულ სამგლოვიარო ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო. მთავრობის მეთაურმა გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.
“მთელი საქართველოსთვის დიდი ტკივილია 26 წლის ვაჟკაცის მდინარი ბებიაშვილის დაკარგვა. მინდა, მივუსამძიმრო მის ოჯახს, ახლობლებს და მთელს ქვეყანას. საქართველო არასოდეს დაივიწყებს მისი ნათელი მომავლისთვის დაღუპულ გმირებს”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა.
გაიმართა სამგლოვიარო პროცესია ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაულის თანხლებით. დღესვე ქართველი ჯარისკაცის ცხედარს ზესტაფონში, მის მშობლიურ სახლში გადაასვენებენ.
საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი „მტკიცე მხარდაჭერის” მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ასრულებდა. ის 3 აგვისტოს, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთობლივი მოტორიზებული პატრულირებისას თავდასხმის შედეგად დაიღუპა. უმცროს სერჟანტს მიღებული აქვს მედლები „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის”.