თურქეთში, სტამბოლის საბიჰა გოქჩენის საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავის ავარიული დაშვების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
ინციდენტი სტამბოლის საერთაშორისო აეროპორტში 5 თებერვალს მოხდა. სამგზავრო თვითმფრინავი დაშვებისას ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა და რამდენიმე ნაწილად დაიშალა. მომხდართან დაკავშირებით განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. უწყების ცნობით, ამ ეტაპზე ბორტზე საქართველოს მოქალაქეების ყოფნის შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ.
ინციდენტისას თვითმფრინავის ბორტზე 183 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, 2 ბავშვი. თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულია 179 ადამიანი.
რა გახდა კატასტროფის მიზეზი, ამ დრომდე უცნობია. მომხდარს თურქეთის გენერალური პროკურატურა იძიებს.