სატვირთო თვითმფრინავი, რომელიც თბილისიდან დელიში მიფრინავდა და ჯაიპურის აეროპორტში იძულებით დასვეს, უკრაინულია. ამის შესახებ განცხადება სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გააკეთა.
ამასთან, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში აცხადებენ, რომ AN-12 ტიპის თვითმფრინავი არც ერთ ქართულ კომპანიას არ ეკუთვნის და არ ირიცხება საქართველოს საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში. მათი ცნობით, საჰაერო ხომალდი ეკუთვნის უკრაინულ სატვირთო ავიაკომპანია „მოტორსიჩს“, რომელმაც თბილისის აეროპორტში ტექნიკური დაშვება განახორციელა და მერე გაფრინდა დელიში.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, მედიასაშუალება ndtv.com-ის ინფორმაციით, ინდოეთის გამანადგურებლებმა სატვირთო თვითმფრინავს AN-12, რომელიც თბილისიდან დელის მიმართულებით ყარაჩის გავლით მიფრინავდა, საჰაერო სივრცის დარღვევისთვის ჯაიპურის აეროპორტში დაჯდომა აიძულეს. ინდური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში AN-12 საქართველოს სატვირთო თვითმფრინავად არის მოხსენიებული.