ოზურგეთელი ავთანდილ ბერიშვილი, ამჯერად სპეციფიური და გურული (ზოგადად ქართული) ფენომენის სიწრფელითა და ძირითადად, დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით გადმოცემული ამბავით წარდგა მკითხველის წინაშე.
წიგნი, რომელსაც არ აკლია მხატვრული ფონი, მკითხველისთვის ინტერესით წასაკითხი აღმოჩნდა.
ავთო ბერიშვილი ყოვლთვის აღნიშნავს, რომ მას არც მწერლობაზე აქვს პრეტენზია და არც პოპულარობის მაძიებელია. კალამს ხელი უნებურად მოკიდა, როცა მშობლიური კუთხის და ხალხის სიყვარულმა განსაკუთრებული მგრძნობელობით და ემოციით შემოუტია. ეს კი ერთმა საოცარმა ამბავმა განაპირობა.
წიგნში მოთხრობილია, თუ როგორ ნახა ერთმა ნაგომრელმა ემიგრანტმა შემთხვევით, საკუთარი ძმისშვილი ტყვეთა ბანაკში, საფრანგეთში, მეორე მსოფლიო ომის დროს.
ავტორმა შეძლო, უსაზღვრო ტკივილის, სიხარულის, სიყვარულისა და სისხლის ყივილის დრამა, საკმაოდ ემოციურად გადმოეცა ამ წიგნში.
„ „ნაგომრიდან ლევილამდე“ ერთგვარ, საოცრად დრეკად, მტკიცე, დინამიკურ ხერხემალზე აგებული ნაწარმოებია, რომლის თითოეულ მალას საკითხავად მიმზიდველს ხდის… ეს სულაც არ გახლავთ მწერლის ფანტაზია. ძირითადად დოკუმენტური წყაროებიდან გამომდინარეობს… საინტერესო კვლევა-ძიებით შექმნილ წიგნში, ავტორმა ფაქტობრივად ხელის გულზე დაგვიდო საქართველოს, განსაკუთრებით გურიის სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, ეთნოგრაფიული ყოფის ერთ-ერთი რეზონანსული ეპოქა, თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით…“ _ნათქვამია სარედაქტორო წინასიტყვაობაში.
ავთანდილ ბერიშვილი ჩვენი გაზეთის ხელმომწერი და აქტიური მკითხველი დაარსებიდან არის. მან წიგნის ერთი ეგზემპლარი „გურია ნიუსის“ რედაქციას საჩუქრად გადმოსცა.
ვულოცავთ ჩვენს მეგობარს და ვუსურვებთ, კვლავ აქტიურად მიეზიდოს მკითხველი, განსაკუთრებით კი ასე ინტერესიანი გურულები, თავისი ახალ-ახალი წიგნების წასაკითხად.
ავტორი