ოზურგეთში, რამდენიმე საათის წინ ორი მამაკაცი _ გურამ ფოცხიშვილი და დიმა ომოლჩენკო ჩაცხრილეს. ომოლჩენკო ფოცხიშვილის დის ქმარი იყო.
მკვლელობა, რომელსაც თვითმხილველები არ ჰყავს ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში _ წულუკიძის ქუჩაზე მოხდა.
ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით ფოცხიშვილი, სიძესთან ერთად, ნათლიასთან იყო მისული, თუმცა, ის სახლში არ დახვდა. სწორედ ნათლიის სახლის წინ ჩაცხრილეს ორივე მათგანი ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა (გარდაცვლილებს სასიკვდილო ჭრილობები სხვადასხვა ტიპის იარაღიდან აქვთ მიყენებული), რომლებიც ჩვენი წყაროს თქმით შავი ავტომობილით გადაადგილდებოდნენ.
ავტომობილი სამართალდამცველებმა რამდენიმე წუთის წინ, სოფელ ოზურგეთში დამწვარი იპოვეს.
მკვლელობის ერთ-ერთ ვერსიად შურისძიება სახელდება. გარდაცვლილის ახლობლები ვარაუდობენ, რომ ეს შეკვეთილი და კარგად დაგეგმილი მკვლელობა იყო.
ფოცხიშვილი კრიმინალურ სამყაროსთან დაახლოებული პირი იყო და წლების წინ ე.წ. კანონიერ ქურდებათან დაპირისპირებაც ჰქონდა.
ის 2006 წელს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის და პოლიციისთვის შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს და 25 წელი მიუსაჯეს.
ციხე მან 2013 წელს ამინისტიის კანონის შედეგად დატოვა და როგორც ამბობენ ბიზნესით იყო დაკავებული.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.