ქართველი ენტომოლოგები მიიჩნევენ, რომ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა განსაკუთრებით ეფექტური მაშინ იქნება თუ მას ქვეყანაში ბუნებრივი მტერი გაუჩნდება.
მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრის დირექტორი კარლო კიკორია საქართველოში მსგავსი მწერების შემოყვანა-გამრავლებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში, აზიურ ფაროსანათა რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდება.
ენტომოლოგების მოსაზრებას სურსათის ეროვნულ სააგენტოში ეხმაურებიან. უწყების უფროსის მოადგილე განმარტავს, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე, საჭიროა დადგინდეს ხომ არ გამოიწვევს მსგავსი მწერების შემოყვანა სხვა სასარგებლო მწერების განადგურებას. ზურაბ ლიპარტია ამბობს, რომ საკითხის შესასწავლად ბიოლაბორატორიების შექმნაა საჭირო, რისთვისაც მომავალი წლის ბიუჯეტში შესაბამისი თანხა უკვე გამოყოფილია.
მისი თქმით, აზიური ფაროსანასთვის ბუნებრივი მტრის გაჩენის საკითხზე აქტიურად მუშაობენ აშშ-შიც, იაპონიაში კი აზიური ფაროსანას ბუნებრივ მტრად იაპონური კრაზანა გამოიყენება.
აზიური ფაროსანას შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით საქართველოში მედია კამპანია “ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას” მიმდინარეობს, რომელსაც “ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი” პატნიორ მედიასაშუალებებთან ერთად, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, FERRERO-სა და CNFA-ს “საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის” მხარდაჭერით ახორციელებს.