ადამიანის უფლებათა ცენტრი წარმოადგენს დაზარალებულის უფლებამონაცვლის ინტერესებს ახალგაზრდა პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საეჭვო გარემოებებში გარდაცვალების საქმეზე.
ამ დროისთვის, გამოძიება მიმდინარეობს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით, რაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით. საქართველოს პროკურატურა, ცხედრის აღმოჩენის დღიდან (2020 წ. 22 ივლისი), მიზანმიმართულად ცდილობს შექმნას საზოგადოებრივი აზრი, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
საქმეში, თამარ ბაჩალეიშვილის ოჯახის ადვოკატის – მიხეილ რამიშვილის ჩართვის შემდგომ, საქმის ირგვლივ არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და გამოძიების პირობებში არსებული არაერთი ხარვეზის იდენტიფიცირების შემდგომ, გამოძიების სხვადასხვა ეტაპზე, რამდენჯერმე დაისვა საკითხი, პროკურატურას შეესწავლა არა მხოლოდ თვითმკვლელობის ვერსიის გამამყარებელი მტკიცებულებები, არამედ მომხდარიყო საქმის ობიექტური და ყოველმხრივი გამოძიება და საზოგადოების დიდ ნაწილში არსებული კითხვებისთვის პასუხის გაცემა.
ადვოკატ მიხეილ რამიშვილის პოზიციით (რასაც იზიარებდა გარდაცვლილის ოჯახიც), აუცილებელი იყო, გამოძიება განძრახ მკვლელობის მუხლით წარმართულიყო, რაც საგამოძიებო ორგანოებს შესაძლებლობას მისცემდა, გამოძიება სხვადასხვა მიმართულებით ეწარმოებინა და შეესწავლა ისეთი პირდაპირი თუ ირიბი მტკიცებულებები, რომლებიც შესაძლოა, მიუთითებდნენ თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობაზე.
მთელი ამ დროის განმავლობაში, პროკურატურის მხრიდან შემხვედრი ნაბიჯების გადადგმისა და საქმის ყოველმხრივი შესწავლის ნაცვლად, ხელისუფლებასთან დაახლოებული მედიასაშუალებებეის მეშვეობით, აქტიურად მიმდინარეობდა საზოგადოებრივი აზრის ფორმირების მცდელობა თვითმკვლელობის ვერსიის სისწორესთან დაკავშირებით, რისთვისაც ასევე გამოიყენებოდა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრთა პერსონალური ინფორმაცია, შემთხვევამდე წლების წინ განვითარებული მოვლენებით მანიპულირება, ოჯახისა და საწინააღმდეგო აზრის მქონე პირთა დისკრედიტაციის მცდელობა და ა.შ.
სამწუხაროდ, პროკურატურის მიერ მსგავსი მეთოდები, საზოგადოებრივი აზრის ფორმირების მიზნით, ბოლო წლებში აქტიურად გამოიყენება გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით, სადაც კი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი იკვეთება (მაგ.: ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმე, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე). გამოძიების პარალელურად უკვე აპრობირებულ მეთოდად იქცა სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით დაზარალებულთა და მათი უფლებამონაცვლეების დისკრედიტაცია, სხვადასხვა სახის პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნება და ა.შ.
საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის ხელშეწყობისა და საპროცესო მოქმედებათა მონიტორინგის მიზნით, 2020 წლის 7 სექტემბრიდან, საქმეში დაზარალებულის უფლებამონაცვლის ადვოკატად ასევე ჩაერთო ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი – ეკა ქობესაშვილი.
ამ დროისთვის, ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ იდენტიფიცირებულია მთელი რიგი ღია საკითხები, რომლებიც კვლავაც არ არის შესწავლილი და შესაძლოა, მიუთითებდეს თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობაზე. ამის მიუხედავად, მსგავს საკითხებზე გამოძიება ან საერთოდ არ მუშაობს ან ნაკლებად მნიშვნელოვან ფაქტად თუ გარემოებად მიიჩნებს და არ სწავლობს საფუძვლიანად.
ამ დოკუმენტში განხილულია რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელთა ერთობლიობის ანალიზით ადამიანის უფლებათა ცენტრი პროკურატურისგან მოითხოვს, საქმე გადაკვალიფიცირდეს და გამოძიება წარიმართოს განზრახ მკვლელობის მუხლით.
თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. ფონიჭალაში მდებარე საცხოვრებელი ბინიდან იგი ავტომანქანით გავიდა. ოთხი დღის შემდეგ – 2020 წლის 22 ივლისს კი მისი ცხედარი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწევანთან, გზის პირას, ავტომანქანის უკანა სავარძელზე იპოვეს.
გამოძიება კვლავ უპასუხოდ ტოვებს კითხვას, თუ რატომ დასჭირდა თამარ ბაჩალიაშვილს თვითმკვლელობის სისრულეში მოსაყვანად ასეთი გრძელი მარშრუტის გავლა და ამავე დროს, მოწმეების ჩვენებების გათვალისწინებით, რატომ ცდილობდა იგი კონკრეტული ლოკაციის პოვნას.
ამ საკითხთან დაკავშირებით, დამატებით მნიშვნელოვანია რამდენიმე გარემოება: 2020 წლის 18 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილი საკუთარი სახლიდან (ფონიჭალის დასახლებიდან) კუთვნილი ავტომობილით გავიდა დაახლოებით 10:15 საათზე. მალევე შევიდა იმავე დასახლებაში მდებარე ბებიის სახლში, საიდანაც 10 წუთში გამოვიდა და გზა გააგრძელა ქალაქ რუსთავის გზის მიმართულებით. ბებიის სახლი, სადაც თამარი 10 წუთით გაჩერდა, იყო დაკეტილი, რადგან ბებია კარანტინში იმყოფებოდა. სახლის გასაღები თამარს ჰქონდა და მან იცოდა, რომ მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში მეპატრონე სახლში არ დაბრუნდებოდა. მიუხედავად ამისა, გამოძიების ვერსიით, იგი თვითმკვლელობისთვის მარნეულის მიმართულებით, გადაადგილდა, რისთვისაც დაახლოებით 70 კილომეტრი გაიარა.
ბაჩალიაშვილის მიერ გავლილი მარშრუტით რჩება შთაბეჭდილება, რომ იგი კონკრეტული ლოკაციისკენ მიემგზავრებოდა და თან ამ ლოკაციას გზადაგზა ეძებდა. ამ მიზნით შევიდა იგი სოფელ გოლთეთში, სადაც მოწმეები აცხადებენ, რომ იგი სოფლიდან გასასვლელ სხვა გზას ეძებდა.
თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა ოთხი დღის განმავლობაში ვერ იპოვეს.
საგამოძიებო ორგანო ირწმუნება, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა 2020 წლის 18 ივლისიდან 22 ივლისამდე, ოთხი დღის განმავლობაში იდგა მისი აღმოჩენის ადგილზე – გოლთეთის შემდგომ მდებარე სოფელ მაწევანში, საავტომობილო გზიდან დაახლოებით 65 მეტრის მოშორებით. ასევე, გამოძიება ამტკიცებს, რომ უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა თამარ ბაჩალიაშვილის მანქანის სამძებრო სამუშაოები, მათ შორის – იმ ადგილებში, სადაც საბოლოოდ მანქანა იპოვეს. მანქანას ეძებდნენ ასევე ბაჩალიაშვილის ახლობლები და ჟურნალისტები. საქმის მასალების მიხედვით, საბოლოოდ მანქანა მწყემსმა აღმოაჩინა.
გაუჩინარებული ბაჩალიაშვილის მანქანას დრონების საშუალებითაც ეძებდნენ. ეჭვს იწვევს ის ფაქტი, რომ დრონების საძიებო არეალში ის ადგილი არ მოხვდა, სადაც 22 ივლისს მანქანა აღმოაჩინეს.
პოლიციას თავიდანვე ჰქონდა ინფორმაცია იმ მოწმეებიდან, რომლებმაც ბოლოს თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა ნახეს სოფელ გოლთეთში, რომელიც მდებარეობს მანქანის პოვნის ადგილიდან დაახლოებით 3 კილომეტრში. ამიტომ, ასევე, საეჭვოა ის ფაქტი, რომ დრონებით მაწევნის ტერიტორიაზე ძებნა არ ჩატარებულა.
უცნობია, გამომძიებლები გაუჩინარების შესახებ ცნობის მიღების შემდეგ, ბაჩალიაშვილის ადგილსამყოფელს რატომ არ ეძებდნენ მისი მობილური ტელეფონის მეშვეობით, რასაც პოლიციის თანამშრომლები, ჩვეულებრივ, მობილური ტელეფონის დაკარგვის შემთხვევაშიც კი აკეთებენ. გამოძიების ვერსიით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ტელეფონი გამორთული და გაფუჭებული აღმოჩნდა. მათივე მტკიცებით, შესაძლოა, ტელეფონი გვამურ სითხეს დაეზიანებინა, მაგრამ მსგავსი სითხე ტელეფონზე შეუძლებელია სიკვიდილის დადგომისთანავე აღმოჩენილიყო.
დღემდე გამოძიების მხრიდან პასუხი არ გაცემია კითხვას, თუ როგორ აღმოჩნდა დახურულ მანქანაში უამრავი მკვდარი ბუზი.
საგამოძიებო მასალების თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა ჩაკეტილი იყო და ოთხივე მინა ბოლომდე აწეული ჰქონდა. ამავდროულად, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას, მანქანის დახურულ სალონში, აღმოჩნდა უამრავი მკვდარი ბუზი, გამოძიების თავდაპირველი ვერსიით – ე.წ. „ლეშის ბუზები“. მათი არსებობა გვამის გახრწნის პროცესში არაფრით იქნებოდა უჩვეულო, რომ არა მანქანის საქარე მინების სრულად დახურულ მდგომარეობაში ყოფნა.
ეს გარემოება მიანიშნებს იმაზე, რომ გვამი, შესაძლოა, მანქანაში მოთავსებამდე ყოფილიყო ღია სივრცეში, სადაც ხრწნის პროცესთან ერთად მსგავსი მწერების ყოფნაც ბუნებრივი მოვლენაა. შესაბამისად, ამ საეჭვო გარემოებით, კიდევ უფრო მყარდება ის ეჭვი, რომ ბაჩალიაშვილის გვამი მოგვიანებით მოათავსეს მანქანაში და მიიტანეს შემთხვევის ადგილზე. ადგილზე აღმოჩენილი ყველა ბუზი იყო მკვდარი. მანქანაში ეს ბუზები თავისთავად ვერ გაჩნდებოდნენ. დიდი ალბათობით მათ მანქანაში გარედან შეაღწიეს. შესაბამისად, გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი კითხვას, თუ როგორ მოხვდა ბუზები მანქანის დახურულ სალონში. ამასთან, მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ მსგავსი ბუზების არსებობა ხრწნის პროცესს უკავშირდება. შესაბამისად, ცოცხალი ადამიანის დახურულ მანქანაში, თვითმკვლელობამდე, მათი გაჩენა პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა.
გამოძიებას ეს კითხვა არც კი დაუსვამს. თუმცა, ადამიანის უფლებათა ცენტრის ჩართვის შემდგომ, იძულებული გახდა, დამატებითი ექსპერტიზა ჩაეტარებინა, რომლის შედეგებიც დღემდე უცნობია.
სახელმწიფომ ამ დრომდე ვერ შეძლო სატელიტური თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოების მოპოვება.
სახელმწიფომ დღემდე ვერ მოიპოვა სატელიტური თანამგზავრის ფოტოები, რითაც დადასტურდებოდა ის ფაქტი, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა მისი გაუჩინარების დღიდან ოთხი დღის განმავლობაში იდგა იმ ტერიტორიაზე, სანამ იგი არ იპოვეს.
დაზარალებულის უფლებამონაცვლის ადვოკატისთვის, მიხეილ რამიშვილისთვის „უსაფრთხოების პრობლემების ანტიკრიზისული ცენტრის“ ხელმძღვანელის, დავით ფურხცხვანიძის მიერ მიწოდებული სატელიტიდან გადაღებული ფოტოები გაყალბებული აღმოჩნდა, რის გამოც პროკურატურამ დავით ფურცხვანიძე დააკავა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და სხვის კომპიუტერში უკანონოდ შეღწევის ბრალდება წაუყენა. ამავე დროს, სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით გამოძიების დაწყების, ფურცხვანიძის დაკავებისა და ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატების მოწმის სახით სასამართლოში დაკითხვის შეუთავსებლობა მოქმედ კანონმდებლობასთან, სამართლიანად უნდა შეფასდეს, როგორც პროკურატურის მიერ ძალის დემონსტრირება და დაზარალებულის ოჯახსა და მათ ადვოკატებზე ზეწოლა.
თავის მხრივ, პროკურატურა აცხადებს, რომ საქართველოს პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე წარმოებული გამოძიების ფარგლებში, მისი მანქანის აღმოჩენის ადგილის სატელიტით გადაღებული ფოტოების მოძიების მიზნით, მიმართა პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის აშშ-ის შესაბამის სამსახურებს, ევროპოლს, ასევე კომპანიებს: Land info, Digital globe, Skywatch, L3harris technologies, Eosda, Geocento limited, Orbit logic incorporated, Imagesatintl, Slingshotaerospace, Planet.com, European space imaging, Astro digital, ISI, Satellogic, Ursa space imaging, The European space agency, Landviwer, Spymesat, Airbus, Siis. პროკურატურა აცხადებს, რომ აშშ-ის შესაბამისი სამსახურების, ევროპოლის და კომპანიების ნაწილის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მათ არ გააჩნიათ გამოძიებისთვის საინტერესო დროის მონაკვეთში ხსენებული ტერიტორიის სატელიტით გადაღებული ფოტოები.
გამოძიებას ამ დრომდე დამატებით არ დაუკითხავს მოწმის სახით ჟურნალისტი ელისო კილაძე, რომელიც საჯარო განცხადებებით უთითებს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებეზე. მათ შორის ვილა „ალგეთთან“ დაკავშირებით და სოფელ გოლთეთში 20-22 ივლისის ღამეს შუქის ჩაქრობის თაობაზე.
ჟურნალისტი ელისო კილაძე აცხადებს, რომ მას წყარომ მიაწოდა ინფორმაცია სოფელ გოლთეთის მეზობლად მდებარე ვილა „ალგეთის“ ტერიტორიაზე შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ, რაც უკავშირდება თამარ ბაჩალიაშვილის სავარაუდო მკვლელობას.
ჟურნალისტი ასახელებს პირებს, ვისითაც გამოძიება უნდა დაინტერესდეს და მოხდეს მათი გამოკითხვა.
არსებობს ინფორმაცია, რომ 21 და 22 ივლისს, ღამით, სოფელ გოლთეთში რამდენიმე საათით გამოირთო ელექტროენერგია, რაც შესაძლებელია, თამარ ბაჩალიაშვილის მანქანის და ცხედრის შეუმჩნევლად გადატანის ხელშემწყობი ყოფილიყო. ელისო კილაძე ასახელებს კონკრეტულ პირს, რომელმაც ელექტროენერგია გამორთო. ეს პირი გამოძიების მიერ დღემდე არ არის დაკითხული. ზოგადად, ამ საკითხზე ელისო კილაძის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაციის სიღრმისეული გამოკვლევა მნიშვნელოვანია საქმისთვის, მაგრამ პროკურატურა პასიურობს და ჟურნალისტის საჯარო განცხადებებზე სათანადოდ არ რეაგირებს.
გამოძიებამ არ შეისწავლა და არ ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი დაზარალებულის უფლებამონაცვლის ინტერესების დამცველების მიერ ნაპოვნ ალტერნატიულ გზაზე, რომელიც სოფელ გოლთეთსა და ვილა „ალგეთს“ ერთმანეთთან აკავშირებს.
გამოძიებამ არ ჩაატარა დაცვის მხარის მიერ მითითებულ სოფელ გოლთეთის და სოფელ საღრაშენის დამაკავშირებელ ტყის გზაზე საგამოძიებო ექსპერიმენტი.
საქმეში არსებული მოწმეთა ჩვენებებით, თამარ ბაჩალიაშვილი ბოლოს ნახეს საკუთარი ავტომობილით სოფელ გოლთეთში.
ჟურნალისტ ელისო კილაძეს ანონიმურმა წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ბაჩალიაშვილის საქმის შესწავლა დაეწყოთ ვილა „ალგეთიდან“, რომელიც მდებარეობს ასევე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საღრაშენში. სოფელ გოლთეთს და სოფელ საღრაშენს აკავშირებს რამდენიმეკილომეტრიანი ძირითადი საავტომობილო გზა, სადაც დამონტაჟებულია არაერთი ვიდეოკამერა. ვილა „ალგეთში“ არის საკალმახე, რომელიც ამ დროისთვის მოქმედი არ არის.
ადგილობრივების დახმარებით, დაზარალებული ოჯახის ადვოკატებმა აღმოაჩინეს ტყეში გამავალი მეორეხარისხოვანი გზა, რომელიც სოფელ გოლთეთიდან ჩადის სოფელ საღრაშენში მდებარე ვილა „ალგეთის“ ტერიტორიაზე. გზაზე თავისუფლად გადაადგილდება ავტომობილი და არ არის არსად დამონტაჟებული ვიდეოკამერა, რომელიც ასეთ საეჭვო მოძრაობას დააფიქსირებს.
გამოძიება არც თამარ ბაჩალიაშვილის მანქანაზე აღმოჩენილი ჰორიზონტალური ნაკაწრებით დაინტერესდა, რაც შესაძლებელია, ამ გზაზე მანქანის გადაადგილების შედეგი იყოს.
მანქანაზე, ასევე, არის სავარაუდოდ ცხოველის ზემოქმედების შედეგად არსებული ძალიან მცირე ოდენობის ვერტიკალური ნაკაწრები, რაც კიდევ ერთხელ აძლიერებს ეჭვს, რომ მანქანის 4 დღის განმავლობაში იქ დგომის შემთხვევაში ცხოველები მას უფრო მეტად დააზიანებდნენ, თუკი მანქანაში ცხედარი იქნებოდა. მითუმეტეს, როცა მანქანის კარიდან გარეთა მხარეს გვამის სითხე იყო გამოსული.
ამ დრომდე არ არის დადგენილი იმ ქალის ვინაობა, ვისზეც შედგენილია ფოტორობოტი.
არ არის დადგენილი იმ ქალის ვინაობა, ვინც თამარ ბაჩალიაშვილის დაკრძალვამდე მივიდა პანაშვიდზე და გარდაცვლილის ცხედარს და მის დედას გაურკვევლად უხდიდა ბოდიშს. ოჯახს როდესაც კითხვები გაუჩნდა, ქალი პანაშვიდიდან მალევე გამოვიდა, ტაქსი გააჩერა და გაიქცა. გაურკვეველია, რატომ იდანაშაულებდა ეს ქალი თავს და რატომ იხდიდა ბოდიშს. ამ პიროვნების დადგენის მიზნით, თვითმხილველების მონაწილეობით, ექსპერტიზაზე შედგენილია ფოტორობოტი. მოქალაქის ძიება ფაქტობრივად არ მიმდინარეობს.
გაურკვეველია, რატომ მიიჩნევს სანდოდ გამოძიება მწყემსი მამა-შვილის ჩვენებებს, ვინც მაწევანთან თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა აღმოაჩინა.
დაზარალებული ოჯახისთვის და მისი დაცვისთვის არასანდოა იმ მწყემსი მამა-შვილის ჩვენება, ვინც საქმის მასალების მიხედვით, 22 ივლისს იპოვა თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა. მოწმეთა ჩვენების თანახმად, ო.მ.-ს (შვილს) საქონლის ნახირიდან ხბოები გაექცა და მათ მოსაბრუნებლად წასულმა დაინახა თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა, რაზეც ინტერნეტიდან ჰქონდა ინფორმაცია, რომ ეძებდნენ. მოწმე ამბობს, რომ ტელეფონის ბატარეა დამჯდარი და გათიშული ჰქონდა და ამ ამბის შესატყობინებლად ვერ დაურეკა მამამისს და გადავწყვიტა სახლში წასვლა, რომ პირადად ეცნობებინა. მოწმე ასევე ამბობს, რომ როცა ჩამოვიდა სამანქანო გზაზე, შემთხვევით დაინახა, რომ მამამისი მანქანით მოდიოდა და გააჩერა, უთხრა ნაპოვნი მანქანის თაობაზე. საქმეში არსებული სატელეფონო ამონაწერით კი, მოწმე ო.მ.-ს ტელეფონზე ფიქსირდება ინტერნეტაქტივობები სწორედ იმ პერიოდში, როცა იგი ამბობს, რომ ტელეფონი ჰქონდა გათიშული. ასევე, მისი ტელეფონით სატელეფონო საუბარი ფიქსირდება იმ დროს, როცა ის ჯერ კიდევ შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა.
საქმის მასალებით, ო.მ.-ს მამამ – პ.მ.-მ, შვილისგან როცა შეიტყო მანქანის თაობაზე ინფორმაცია, დარეკა თეთრიწყაროს პოლიციის თანამშრომელთან და არა პოლიციის ოფიციალურ ნომერზე 112-ზე. ეს გარემოებაც აჩენს კითხვას.
მედიარესურსზე – inforustavi.ge გავიდა სიუჟეტი, სადაც ერთ-ერთი მწყემსი საუბრობს, რომ ყოველდღიურად იმ ტერიტორიაზე დაყავს საქონელი და მანქანა ამ დღეებში იქ რომ მდგარიყო, აუცილებლად შენიშნავდა ან თვითონ ან სხვა მწყემსი, რომლებიც ამ გზაზე ყოველდღიურად დადიან. მწყემსი, ასევე, აცხადებს, რომ როგორც მან იცის, ბაჩალიაშვილი მოკლეს და მანქანა მისი პოვნის დღეს მიიყვანეს იმ ადგილზე.
ამ ვიდეოსიუჟეტის გასვლიდან მეორე დღეს ეს მწყემსი მიიყვანეს საგამოძიებო ორგანოში და დაკითხეს ადვოკატის გარეშე. დაკითხვისას მოწმემ შეცვალა თავისი პოზიცია და განაცხადა, რომ იმ დროს იყო ძალიან ნასვამი და რას ლაპარაკობდა, აღარ ახსოვს. მოწმემ მთლიანად უარყო სიუჟეტში მის მიერ ნაქთვამი ინფორმაცია. inforustavi.ge-ზე ჩანაწერიდან მოქალაქეს არ ეტყობა ალკოჰოლური ზემოქმედების კვალი. ამდენად, საეჭვოა მისი ბოლო ჩვენება, რომ იმ დღეს ძალიან ნასვამი იყო და არ ახსოვს, რა თქვა.
შემთხვევის დღეს, თამარ ბაჩალიაშვილის გადაადგილების პროკურატურისეული ვერსია, არ ემთხვევა საქმეში არსებული არაერთი მოწმის ჩვენებას.
პროკურატურამ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გამოაქვეყნა თამარ ბაჩალიაშვილის გაუჩინარების დღეს მის მიერ საკუთარი ავტომობილით გავლილი მარშრუტი. პროკურატურის განცხადებით, ამ მარშრუტის აღდგენა შესაძლებელი გახდა კომპანია google-ის ან¬გა¬რი¬შიდან Timeline-ის მეშვეობით.
გამოძიების მიერ წარმოდგენილი მარშრუტის რეალურობა კითხვებს იწვევს, რამდენადაც იგი ეწინააღმდეგება საქმის მასალებში არსებული არაერთი მოწმის ჩვენებას. მოწმეების ჩვენებებით ირკვევა, რომ მათ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანა სოფელ გოლთეთში სხვადასხვა ლოკაციაზე ნახეს. ამის მიუხედავად, პროკურატურის მიერ წარმოდგენილ მარშრუტში მოწმეების მიერ მითითებული ადგილები საერთოდ არ გვხვდება. ამასთან, გამოძიების ვერსიაში არ არის აღნიშნული სოფელი მაწევანი, სადაც ერთ-ერთი მოწმის ჩვენებით, 18 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილი გადაადგილდებოდა ავტომობილით.
შესაბამისად, ეჭვს იწვევს გამოძიების მიერ შემოთავაზებული ვერსიის სიზუსტე, რასაც შეიძლება არსებითი მნიშვნელობა ჰქონდეს, ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტზე ჭეშმარიტების დასადგენად.
მოქმედ საკალმახე „ადმირალში“ დამონტაჟებული ვიდეოკამერების კაბელი გადაჭრილია, ხოლო ჩანაწერები საერთოდ არ აღმოჩნდა.
საქმეში არსებული მასალებით, ერთ-ერთი მოწმის ჩვენებით დგინდება, რომ მან თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივნისს სოფელ მაწევანში დაინახა, როდესაც იგი საკუთარი ავტომანქანით გადაადგილდებოდა.
ამ სოფელში ერთადერთი მსხვილი კომერციული ობიექტი სწორედ რესტორანი „ადმირალია“. რესტორნის შიდა და გარე პერიმეტრი ვიდეოკამერებით არის აღჭურვილი. ამის მიუხედავად, გამოძიება არ დაინტერესებულა ამ მოწმის ჩვენების საფუძველზე, საგამოძიებო მოქნედებები ჩაეტარებინა სოფელ მაწევანში, მათ შორის – საკალმახე „ადმირალში“.
გამოძიების მიმდინარეობისას, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი თავად მივიდა საკალმახეში და გაესაუბრა ადგილზე მომუშავე პერსონალს. ვიზიტისას, რესტორნის თანამშრომლებმა მას განუცხადეს, რომ რესტორნის შიდა და გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული კამერები 24-საათიან მონიტორინგს უზრუნველყოფდნენ და გამართულად ფუნქციონირებდნენ.
სწორედ მიხეილ რამიშვილის მოთხოვნით, საგამოძიებო ორგანო მხოლოდ ამის შემდგომ დაინტერესდა სოფელ მაწევანისა და აქ მდებარე რესტორან „ადმირალში“ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებით.
საეჭვო აქ სწორედ ის ფაქტია, რომ ადგილზე მისულ საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებს სრულებით სხვა სურათი დახვდა: რესტორნის ვიდეოსათვალთვალო მოწყობილობა სრულად გათიშული, ჩანაწერები წაშლილი, ხოლო კაბელებზე მექანიკური დაზიანების შეუიარაღებელი თვალისთვის ხილული დაზიანებები.
რესტორნის ადმინისტრაციამ ამჯერად განაცხადა, რომ ეს ვიდეოკამერები უკვე ოთხი წელია, არ მუშაობს და შესაბამისად არც ინფორმაციის ჩაწერა ხდება. მათივე განმარტებით, გამორთულ კამერებს ისინი მხოლოდ გარეშე პირთა დაშინებისთვის იყენებდნენ. სწორედ ასე ახსნეს რამიშვილისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებაც.
მოგვიანებით, ამ ვიდეოკამერებზე ჩატარებული ექპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ სათვალთვალო კამერების სადენები გადაჭრილია რამე მკვნეტავი საგნით. თუმცა, ექსპერტიზამ ვერ დაადგინა, როდის გადაჭრეს სადენები (ხანდაზმულობა).
შესაბამისად, „ადმირალის“ სათვალთვალო ვიდეოკამერებთან დაკავშირებულ კითხვებს არათუ პასუხი გაეცა, არამედ კიდევ უფრო მეტი კითხვა გაჩნდა.
ამ დრომდე არ არის დადგენილი იმ პირის ვინაობა, ვისაც ეკუთვნის თამარ ბაჩალიაშვილის მანქანიდან ამოღებულ პირბადეზე არსებული დნმ.
გამოძიების მიერ დღემდე არ არის დადგენილი იმ უცხო მამაკაცის ვინაობა, ვისი დნმ-ნიმუშიც აღმოჩენილია თამარ ბაჩალიაშვილის მანქანიდან ამოღებულ პირბადეზე.
ვერ დადგინდა ვის ეკუთვნის თამარ ბაჩალიაშვილის მარცხენა ფეხსაცმელზე, მანქანის უკანა ორივე ხალიჩაზე და ტელეფონზე აღმოჩენილი სისხლის წვეთები. ორ პირბადეზე აღმოჩენილი სისხლის წვეთები დადგინდა, რომ ეკუთვნის თამარ ბაჩალიაშვილს.
საქმის მასალებში არსებული ექსპერტიზის დასკვნით, მანქანაში ნაპოვნ თამარ ბაჩალიაშვილის მარცხენა ფეხსაცმელზე, მანქანის უკანა ორივე ხალიჩაზე და ტელეფონზე აღმოჩენილია სისხლის წვეთები, რომელიც ეკუთვნის ადამიანს. თუმცა, მასალის სიმცირის გამო, ექსპერტიზამ ვერ შეძლო დაედგინა თუ ვის ეკუთვნის ამ სისხლის გენეტიკური პროფილი.
გამოძიება ვერც იმ ფაქტს ხსნის, რა ვითარებაში, რატომ აღმოჩნდა თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი სისხლი ერთდროულად ორ პირბადეზე.
მოსამართლის განჩინების მიუხედავად, დაგვიანებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები.
პროკურატურის მიერ 27 ივლისს წარდგენილი შუამდგომლობების საფუძველზე მოსამართლემ 28 ივლისს მიიღო განჩინება ბაჩალიაშვილის მარშრუტთან დაკავშირებული კერძო ობიექტებიდან გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ამოღების თაობაზე. ამ განჩინებით, ობიექტებზე გამოძიება მივიდა 11-15 დღის დაგვიანებით (8-დან – 12 აგვისტომდე). შედეგად, უმეტეს შემთხვევაში ჩანაწერები უკვე იყო წაშლილი.
საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების მსგავსი გაჭიანურება და შედეგად ნივთიერი მტკიცებულებების წაშლა, ასევე კითხვებს აჩენს საგამოძიებო უწყების ქმედებათა ეფექტიანობასა და გამჭვირვალობაზე.
4 სხვადასხვა სახის მედიკამენტიდან, რომელიც თამარ ბაჩალიაშვიმა გაუჩინარების წინა დღეს – 17 ივლისს შეიძინა, 2 მათგანი არ აღმოჩნდა არც მის სისხლში და არც მის ნივთებში.
თამარ ბაჩალიაშვილის მიერ სხვადასხვა აფთიაქში მედიკამენტების შეძენის ამსახველი ვიდეომასალა პროკურატურამ გამოძიების დაწყების საწყის ეტაპზევე გამოიყენა თვითმკვლელობის ვერსიის გასამყარებლად და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისათვის. თუმცა, გამოძიება არ უთმობს ყურადღებას იმ მნიშვნელოვან დეტალებს, რაც შეიძლება საქმეზე სიმართლის დადგენისთვის აუცილებელი აღმოჩნდეს.
საქმის მასალების შესწავლით ირკვევა, რომ 17 ივნისს თამარ ბაჩალიაშვილი შედის ოთხ სხვადასხვა ათიაქში და ყიდულობს ოთხი სხვადასხვა დასახელების მედიკამენტს: კლოფელინი, ტრიტიკო, ტრანქვილი და დონორმილი.
თუმცა, გარდაცვლილის სხეულის გაკვეთით, ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ აფთიაქში შეძენილი მედიკამენტებიდან სხეულში მხოლოდ ორი მოხვდა. ამავე დროს, მის სხეულში სრულიად სხვა მედიკამენტებიც აღმოჩნდა. ექსპერტიზის თანახმად, ეს მედიკამენტებია: კარდოლაქსი, დონორმილი, კლოფელინი და „მიგ 400“. ტრანქვილი და ტრიტიკო არც სხეულში და არც მანქანიდან ამოღებულ პირად ნივთებში არ აღმოჩნდა.
რატომ ვერ მოხდა წინწყაროში არსებული 112-ის კამერიდან ჩანაწერის მიღება
კითხვები ჩნდება სოფელ წინწყაროში არსებული 112-ის ვიდეოსათვალთვალო კამერასთან დაკავშირებითაც. საქმის მასალებში არის ინფორმაცია სოფელ წინწყაროში არსებული 112-ის ვიდეოსათვალთვალო კამერის შესახებ. გამოძიებამ არსებული კამერიდან ვერ მოიპოვა 18-22 ივლისის ჩანაწერები. საქმეში არსებული მასალების მიხედვით, ზემოაღნიშნული კამერის ჩანაწერი, ვიდეოსისტემის შემნახველ მასივზე, იძებნება ამა წლის 5 ივლისიდან – 10 ივლისამდე და 20 ივლისიდან დღემდე.
საყურადღებოა ის ფაქტი, რომ გამოძიების ხელთ არსებული ვიდეომასალის გათვალისწინებით, თამარ ბაჩალიაშვილის მანქანის გადაადგილების ვიდეომასალა ბოლოს სოფელ ხაიშში ფიქსირდება. სოფელი წინწყარო სწორედ ხაიშის შემდეგაა. ამიტომაც, ამ ვიდეომასალის ამოღებას შესაძლოა, მნიშვნელოვანი გავლენა მოეხდინა გამოძიების მიერ მარშრუტის სწორად განსაზღვრაში. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, სოფელ წინწყაროში არსებულ ვიდეოკამერას სწორედ გამოძიებისთვის საჭირო დრო არ აქვს გადაღებული.
რატომ არ შეისწავლა გამოძიებამ ის 10-წუთიანი მონაკვეთი, როცა თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს, სახლიდან გამოსვლის შემდგომ, მიდის მისი ნათესავის – რიტა ზურაბაშვილის ბინაში.
საქმის მასალების და ვიდეოკამერების ჩანაწერების მიხედვით, სახლიდან გამოსვლის შემდგომ, თამარ ბაჩალიაშვილი მიდის მისი ნათესავის ბინაში, საიდანაც გამოდის დაახლოებით 10 წუთის შემდგომ და გზას აგრძელებს მარნეულის მიმართულებით.
თავის დროზე, გამოძიებამ არ გამოიკვლია ეს ეპიზოდი. შევიდა თუ არა თამარ ბაჩალიაშვილი ბინაში ან შეხვდა თუ არა ის იქ ვინმეს? ეს კითხვები საერთოდ გამოძიების მიღმა დარჩა და დღემდე არ არიან დაკითხული იქ მცხოვრები პირები.
პროკურატურა მიზანმიმართულად ცდილობს, შექმნას საზოგადოებრივი აზრი, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა.
თამარ ბაჩალიაშვილის ცხედრის პოვნიდან მალევე, ვიდრე იქნებოდა ექსპერტიზის დასკვნები მზად და საქმეზე ჩატარდებოდა ძირითადი საგამოძიებო მოქმედებები, პროკურატურა უკვე აცხადებდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა.
საგამოძიებო ორგანოს წინაშე გაჩნდა არაერთი კითხვა, რომელიც გამოხატავდა საქმეზე საგამოძიებო ორგანოს მხრიდან არაობიექტურ გამოძიებაზე. იმის ნაცვლად, რომ გამოძიებას ამ კითხვებზე გაეცა პასუხი, პროკურატურამ თვითმკვლელობის ვერსიის საზოგადოებისთვის დასარწმუნებლად გაასაჯაროვა თამარ ბაჩალიაშვილს და მის ოჯახის პირადი ინფორმაციები: ის, რომ თამარ ბაჩალიაშვილი დადიოდა ფსიქოლოგთან, 2012-2013 წლებში თამარ ბაჩალიაშვილის მამის მიმართ გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი და გამოძიება იყო დაწყებული ოჯახში ძალადობის ფაქტზე (მეუღლის მიმართ), ასევე ის ფაქტი, რომ თამარ ბაჩალიაშვილს ადრეც ჰქონდა სუიციდის მცდელობა.
ასევე, პროკურატურამ დახურულ შეხვედრაზე ჟურნალისტებს აჩვენა თამარ ბაჩალიაშვილის პირადი ვიდეოდღიურები, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილს გადაღებული და პირად youtube-ზე ატვირთული ჰქონდა 2017 წლიდან და სრულდებოდა 2020 წლის თებერვლის თვეში. უნდა აღინიშნოს, რომ თამარ ბაჩალიაშვილს ეს ვიდეოები ჰქონდა წაშლილი და პროკურატურის მიერ მოხდა ამ ვიდეოების აღდგენა. ჟურნალისტების მიერ მოხდა ამ პირად ვიდეოდღიურებში თამარ ბაჩალიაშვილის საუბრებიდან ინფორმაციის გასაჯაროვება. პროკურატურის მიერ აქცენტი გაკეთდა ამ ვიდეოჩანაწერების მხოლოდ რამდენიმე მომენტზე, სადაც ბაჩალიაშვილი თვითმკვლელობას ახსენებს. ხოლო უმეტესი ნაწილი, სადაც ბაჩალიაშვილის ოპტიმისტურად საუბრობს, გამოძიებისთვის რატომღაც უინტერესოა.