“უფრო მეტი რაოდენობა იჩენს თავს მწყემსების. მრავლდებიან. აქამდე თუ იყო მამა-შვილი, ახლა დაემატნენ სხვა მწყემსებიც… ჩვენებების ასე გადმოკოპირება ყველა ზღვარს გადის”, _ ამის შესახებ პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა.
ადვოკატის თქმით, ყველა მწყემსი ერთნაირ ჩვენებას აძლევს. ამბობენ, რომ ტერიტორია, სადაც ბაჩლიაშვილი იპოვეს, არ გამოიყენება ნახირის საძოვრად. რამიშვილი კი ამბობს, რომ მას თავად აქვს ვიდეომასალა, სადაც ჩანს, ზუსტად იგივე ადგილიდან ნახირი გამოდის.
“ყველა ერთნაირი ტექსტით ავრცელებს ინფორმაციას, რომ აღნიშნული ტერიტორია არანაირად არ გამოიყენება ნახირისთვის საძოვრად. ამ დროს, ერთი თვის შემდეგ, როდესაც მე ვიდეოკადრები გადავიღე, დახმარება იქაურმა მაცხოვრებელმა გამიწია, ზუსტად იმ საძოვრიდან დიდი რაოდენობის ნახირი გამოვიდა. ანუ, მე ყველაფერი საწინააღმდეგო დავადასტურე. ტყუილი არასდროს დაიმალება. ამით დასტურდება რომ, არა ორი, არამედ ყველა მწყემსი ტყუის და ამას სათავეში იქაური ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები უდგანან”, _ ამბობს რამიშვილი.
ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა პროკურატურის განცხადების შემდეგ საპროტესტო აქციაც დააანონსა. აქცია კვირას, 30 აგვისტოს 14:00 საათზე, ორთაჭალაში, პროკურატურის შენობასთან გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.
კომპანია “ZAG”-ის მფლობელი აბრაჰამ რეირბახის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას აპირებდა. მისმა ოჯახმა კი დაზუსტებით არ იცის, რას აკეთებდა 23 წლის პროგრამისტი თავის სამსახურში.
25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
წყარო: მთავარი ტვ