ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმათის ცენტრში ერთ დროს ერთ–ერთი ღირებული სკოლის შენობა და მისი ეზო ამ ეტაპზე უპატრონოდაა მიტოვებული. “გურია ნიუსი” არაერთხელ წერდა ამ თემაზე, მაგრამ ამ დრომდე არ არის ცნობილი, როდის დაიწყება საგანმანათლებლო ობიექტის მშენებლობა.
სოფელ ჯუმათში მცხოვრები, 80 წლის დალი ართილაყვას თქმით, 1967 წელს სკოლაში 200 მოსწავლე სწავლობდა.
“ჩემი ერთ–ერთი შვილიშვილი მესამე კლასში იყო, როდესაც ჯუმათის საჯარო სკოლის შენობა დაანგრიეს. ახლა მეხუთე კლასელია და სილაურის საჯარო სკოლაში, მეორე ცვლაში სწავლობს. ერთი სასიკეთო ის არის, რომ მიკროავტობუსი ემსახურება მოსწავლეებს. ძალიან იღლებიან ბავშვები _ დილით, ადრე მიდიან სკოლაში და გვიან საღამოს ბრუნდებიან სახლში. ისტორიული შენობის დაანგრიეს და ახლა მხოლოდ დაპირებები გვესმის სკოლის ახალი შენობის აშენების შესახებ.
მინდა მივმართო ადგილობრივ მთავრობას, პარლამენტარებს, ყველა იმ უწყებას, ვისაც შეუძლია ჩვენი სოფლის ამბავი გულთან მიიტანონ _ დროულად მოხდეს სკოლის შენობის მშენებლობა“, _ გვითხრა დალი ართილაყვამ.
სოფელ ჯუმათში, ლაშეს უბანში მცხოვრებმა მამაკაცმა “გურია ნიუსთან” საუბრის დროს აღნიშნა:
“სოფლის განვითარება უნდა ხდებოდეს და არა _ განადგურება. ისტორიული შენობა დაანგრიეს _ ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე გატანილი ნანგრევები. ბაღნარი იყო ეს ადგილი და ახლა რაც არის, თქვენც ხედავთ“.
ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის ლალი სიჭინავას თქმით, ამ ეტაპზე ჯუმათის სკოლის შენობის მშენებლობასთან დაკავშირებით კონკრეტული ინფორმაცია არ აქვთ.
ოზურგეთის მერის წარმომადგენელმა სოფელ ჯუმათში ოლეგ ჩხარტიშვილმა სატელეფონო საუბრის დროს გვითხრა, რომ მშენებლობა მალე დაიწყება და დეტალების დასაზუსტებლად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურისთვის მიგვემართა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, სოფელი ჯუმათის დეპუტატი ლაშა კვაჭაძის თქმით, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება აქტიურად არიან ჩართულები ამ საკითხში და წელს აუცილებლად დაიწყება მშენებლობა:
“წელს, ზაფხულში დაიწყება მშენებლობა. ზუსტი დრო აუცილებლად გაჟღერდება ადგილობრივი ხელისუფლების მიერ“, _ გვითხრა ლაშა კვაჭაძემ.
ჩვენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში ვცადეთ ამ საკითხზე ინფორმაციის მოპოვება, მაგრამ ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია.
“გურია ნიუსი” ამ თემაზე აგრძელებს მუშაობას და სიახლეებს მკითხველს აუცილებლად მივაწვდით.
ავტორი





























































