ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაილეთში დიდი ოდენობით მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ნარჩენები არის აღმოჩენილი. დაბა ნასაკირალის დეპუტატი ბესო ქათამაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ პირუტყვის ნარჩენები ამავე დაბის მცხოვრებლებმა იპოვეს.
“შსს გურიის სამხარეო მთავარ სამმართველოს უფროსებო, პოლიტიკური ამბებით რომ ხართ დაკავებულები, თითქოსდა, თქვენი ,,კაცების” ჩასმით სოფლებში მაჟორიტარებად რაიმეს შეცვლიდეს, ძალიანაც შემცდარხართ. ამიტომ, უმჯობესი იქნება, გურიაში კრიმინალს მიხედოთ, რომელიც უკვე ზე შესანიშნავ მდგომარეობაშია, რომლებიც ისედაც გაჭირვებულ მოსახლეობას ერთადერთ მარჩენალ, მსხვილფეხა რქოსანს სტაცებენ და რეალიზაციას ეწევიან, ფაქტიც სახეზეა. ესეც შაურმა ხომ არაა!“ _ მოუწოდებს სამართალდამცავებს ბესო ქათამაძე.
“გურია ნიუსი“ საქონლის დაკარგვის ფაქტებზე 21 ივლისს წერდა. _ ზაფხულია და გვიან მოდიან საბალახოდან, გვიანამდე არიან ჭიშკართან. რომ გავედი, აღარ იყო. არადა, ერთი საათით ადრე, ვხედავდი, რომ ჭიშკართან იყვნენ. ერთი კვირაა, ვეძებ, მაგრამ კვალიც არ ჩანს. პოლიციასაც მივმართეთ, თუმცა, ჯერ არაფერი აღმოუჩენიათ, _ გვითხრა სოფელ სილაურში მცხოვრებმა შაქრო კილაძემ.
შსს პრესსამსახურის ინფორმაციით, სოფელ ბაილეთში აღმოჩენილ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ნარჩენებზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177 მუხლის მეორე ნაწილითმ, რაც ქურდობას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.