გურიის ერთ-ერთ პრესტიჟული ადგილი, ბახმარო ისევ წყლის მიწოდების პრობლემის წინაშე დგას. “გურია ნიუსს“ ამ ერთი კვირის განმავლობაში არაერთი ადამიანი უკავშირდება და ბახმაროში წყლის პრობლემების შესახებ ეუბნებიან.
“არ ვიცი, რა უნდა მოხდეს, რომ წელს ბახმაროში ერთხელ და სამუდამოდ წყლის მიწოდების პრობლემა მოგვარდეს. ისედაც გაზრდილი საცხოვრებელი სახლის ქირაობის ფასი და ამას ემატება დამატებით ხარჯები, მაგალითად, წყლის ყიდვა. რომელ საუკუნეში ვცხოვრობთ? ყოველ წელს შეიძლება ამ საკითხზე საუბარი?! წელსაც, სავარაუდოდ, არ მოგვარდება ბახმაროში წყლის პრობლემა“, _ გვითხრა ბახმაროს ერთ-ერთმა დამსვენებელმა.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში გვითხრეს, რომ ბახმაროში წყლის პრობლემა ერთიანად ვერ გადაწყდება და ეტაპობრივად მოხდება ამ საკითხის გადაჭრა.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი დაბა ბახმაროში რომან კალანდაძეს ესაუბრა:
“ცენტრალურ მილში წყალი გამოშვებულია, დებეტი გვაქვს, მაგრამ ზამთრისგან გამომდინარე, რამდენიმე ადგილზე წყლის მილები გაჭედილია და ზოგან გახეთქილი. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიას გამოცხადებული აქვს ტენდერი და მალე გავიგებთ გამარჯვებული კომპანიის ვინაობას. გეგმაში არის 3 კილომეტრის გარშემო მილების შეცვლა და დამატებითი წყლის დამატება გვაქვს გეგმაში. პირველ ეტაპზე მოხდება ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიის უზრუნველყოფა _ მახარაძის ქუჩა, დავითიანი, ხიდისთავის ქუჩა, ბაზრის დაღმართის დამსვენებლებს მოუგვარდება წელს წყლის პრობლემა. ყველანაირად ვცდილობთ, რომ შარშანდელთან შედარებით უკეთესი მდგომარეობა იყოს“,_ გვითხრა კალანდაძემ.
ავტორი