გურიაში, ღამის საათებში ძლიერ ყინვას ელოდებიან. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა.
„თოვა დღესაც შენარჩუნდება, მაგრამ თანდათან შესუსტდება. შავი ზღვის ჩრდილო- დასავლეთიდან შემოდის ცივი ჰაერის მასები, რომლებიც გურიასა და აჭარაში იწვევს თოვას. დღის ბოლოს გამოიდარებს. ღამით ველოდებით ყინვის გაძლიერებას. გზები შესაძლებელია მოიყინოს. დაბლობში ყინვა იქნება -2, -4 გრადუსი, მგორიან რაიონებში მოსალოდნელია -5, -7 გრადუსი ყინვა, მაღალ მთაში -10, -15, ბახმაროს მიდამოებში და გოდერძის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე კი ცოტა მეტი, -14, -19 გრადუსი დაფიქსირდება.
ყინვის შედეგად მოსალოდნელია დაზიანდეს ციტრუსოვნები თუ დაკრეფილი არ არის ან თუ ლიმონს აქვს ახალი წამონაზარდი, მოიყინოს“,_ გვითხრა გვაზავამ.
გვაზავას ინფორმაციითვე, გურიაში ხვალიდან გამოიდარებს და ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი.
„ხვალიდან უნალექო ამინდი იქნება. ტემპერატურა მოიმატებს, შემდეგ დღეებში ყინვა თანდათან შესუსტდება. შაბათ- კვირას +13, +14 გრადუსი იქნება დაბლობში, მთაში +8, +10 გრადუსი და მაღალ მთაში +4, + 9 გრადუსი სითბო“,_ გვითხრა გვაზავამ.