12 მარტს, ჩოხატაურის „ბახმარომ“ პირველი ოფიციალური თამაში ჩაატარა ლიგა სამში, მისი მეტოქე დასავლეთ ზონის ჩემპიონი ჭიათურის „ჭიათურა“ გახლდათ.
ბორის პაიჭაძეზე შეკრებილი მაყურებელი ძალიან დაძაბული მატჩის მომსწრენი გახდნენ. მართალია, დებიუტანტი მასპინძლები მთელი თამაშის განმავლობაში ფლობდნენ უპირატესობას, მაგრამ ანგარიშის გახსნას ვერ ახერხებდნენ.
მეორე ტაიმში კიდევ უფრო გაიზარდა „ბახმაროს“ უპირატესობა, ზედიზედ შეიქმნა სახიფათო მომენტები, რასაც 75 წუთზე ბიძინა ცინცაძის გოლი მოჰყვა.
მატჩის დასასრულ, ჭიათურამ შეტევაში თამაში გამოასწორა და ტერიტორიულ უპირატესობასაც დაეუფლა. ძალიან ხელსაყრელი მომენტები ვერ გამოიყენეს ჩოხატაურელთა შემტევებმა, თუმცა, ყველაფერი მაინც დებიუტანტისთვის კარგად დასრულდა _ პირველ თამაშში სამი ქულა მოიპოვეს და ღირსეულ მეტოქესაც აჯობეს.
მომდევნო ტური 17 მარტს, ქედაში გაიმართება ადგილობრივ „ბეთლემთან“. ქედელები უდანაკარგოდ ასპარეზობენ და ორ ტურში 6 ქულა აქვთ.