“ჩემს ტყუპს სიგიჟემდე რომ უყვარს ბახმარო, ალბათ, ყველამ იცის. მისი სიყვარულის ისტორიაც აქ დაიწყო, ჰოდა, უკიდეგანოდ ბედნიერი ვარ, რადგან სწორედ ამ საოცარ ადგილას აღვნიშნავთ მის გაბედნიერებას და ჩვენს “ოქროს დაბადების დღესაც”, გილოცავ ტყუპჩიკ, ეს რაღაც სხვა გრძნობაა, რომელსაც სიტყვებით ვერ გამოვთქვამ. ვულოცავ საკუთარ თავს და ყველას, ვისაც შენი ბედნიერება უხარია. ასეთი თვალებგაბრწყინებულები იყავით სიცოცხლის ბოლომდე თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად!” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ჩოხატაურელი ხატია პაიჭაძე.
გიგა პაიჭაძემ და სალომე შერგელაშვილმა ერთმანეთი დიდი ხნის წინ ბახმაროში გაიცნეს, ამიტომ სიმბოლურია, რომ შეყვარებულმა ბიჭმა გოგოს ხელი სწორედ ბახმაროში სთხოვა, სადაც სალომე “მაყრიონთან” ერთად ტყუპების 22 წლის იუბილეს აღნიშნავდა. ეს სიურპრიზი მოულოდნელი იყო მისთვის, მაგრამ იუბილარ სატრფოს როგორ გააწბილებდა.
დაქორწინდნენ და მაყრიონიანად ჩარჩნენ ბახმაროში და ახლა გზის გახსნას ელოდებიან, რომ თავიანთი სიხარული სხვებსაც გადასდონ.
“გურია ნიუსი” ულოცავს ახლად დაქორწინებულ წყვილს და ბედნიერებას და შვილთა სიმრავლეს უსურვებს მათ.