ოზურგეთში კონსტიტუციის პროექტის განხილვის დროს, ფერმერმა ჯაბა ჭეიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებს ერთ-ერთი პრობლემის შესახებ დახმარება სთხოვა.
“გახლავართ მეფუტკრე და აქ გურიის მეფუტკრეების სახელით ვიმყოფები. ყველასთვის ცნობილია, რომ თხილი ახალი პრეპარატით იწამლება. ჩვენი თხოვნაა, მოიყვანოთ ის სპეციალისტები, ვინც გირჩიათ ამ პრეპარატის გამოყენება. დავსხდეთ ერთად და ვისაუბროთ. არ შეიძლება, ამ პრეპარატის გამოყენება, განადგურდება ფუტკარი.
კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს _ უკვე სამი წელია მგელია შემოსული სოფელში, გვაწუხებს, ჩვენს ოჯახებში თავს გვესხმის და გვინადგურებს საქონელს.
თევზს ვერ დავიჭერ, გარემოს დაცვითი ზედამხედველობის სამსახური იმ წუთასვე დაგვაჯარიმებს. გვითხარით, რა შეიძლება _ მგელს ვერ მოკლავ, თევზს ვერ დაიჭერ, ბარემ შეგვიტანეთ წითელ წიგნში ჩვენც და დავისვენებთ“, _ თქვა ჭეიშვილმა.
ფერმერის ამ განცხადებას დარბაზში სიცილი და შეძახილები მოჰყვა.