„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაძარიმ ჩემპიონთა ლიგის წილისყრა შეაფასა.
„კალიარისთან“ მატჩის შემდეგ ვთქვი, რომ ყველა გუნდი, რომელიც მერვედფინალში გავიდა, ძლიერია და ამიტომ, ნებისმიერი წყვილი რთული იქნება. „ბარსელონას“ წინააღმდეგ კი განსაკუთრებით რთული თამაში იქნება. „ნაპოლისთვის“ ეს მომხიბლავი გამოწვევა იქნება“, – თქვა მაძარიმ.
„ბარსელონას“ სპორტულმა დირექტორმა დეკუმ ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შემდეგ შემდეგი კომენტარი გააკეთა:
„ვფიქრობ, ძალიან სანახაობრივი და საინტერესო მატჩები იქნება. ორივე გუნდს უყვარს შემტევი ფეხბურთის თამაში, კრეატიული და ძალიან ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავთ. ამჟამად, ბევრი ტრავმირებული გვყავს, მაგრამ მჯერა, რომ როდესაც ისინი დაბრუნდებიან, უფრო გავძლიერდებით. ნაპოლის წინააღმდეგ ტრავმირებული ფეხბურთელების დაბრუნება ფუნდამენტური იქნება“, – განაცხადა დეკუმ.
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი მატჩები 13-14 და 20-21 თებერვალს, ხოლო საპასუხო შეხვედრები 5-6 და 12-13 მარტს გაიმართება. „ნაპოლი“ პირველ მატჩს შინ 21 თებერვალს ჩაატარებს, საპასუხოს კი სტუმრად 12 მარტს.
საინტერესოა რომ, ეს გუნდები ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში 2019-2020 წლების სეზონშიც შეხვდნენ, სადაც “ბარსელონამ” მოიგო ორი მატჩის ჯამში, შინ 3:1 და სტუმრად 1:1, ხოლო 2021-2022 წლების სეზონში ევროპა ლიგის 1/16-ფინალში “კამპ ნოუზე” მატჩი 1:1 დასრულდა, ნეაპოლში კი ესპანელებმა 4:2 გაიმარჯვეს და ისევ დაძლიეს “ნაპოლის” ბარიერი.
ამასობაში, „ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ეჭვქვეშ აყენებს მისი კლუბის მონაწილეობას იტალიის სუპერთასზე, რომელიც მომავალი წლის 18-22 იანვარს საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში უნდა გაიმართოს.
დე ლაურენტისის მტკიცებით, “ნაპოლი” უარს იტყვის სუპერთასის ოთხთა ტურნირზე, თუკი საუდის არაბეთში სავარჯიშო მოედნებს წესრიგში არ მოიყვანენ.
ეს ერთადერთი მიზეზი არ არის, რის გამოც ის წინააღმდეგია სუპერთასის ახალი ფორმატის. ოქტომბერში დე ლაურენტისი ჩიოდა თარიღების გამოც, თუმცა “ლეგა სერია A-ს” პრეზიდენტმა ლორენცო კაზინიმ კატეგორიულად განაცხადა, რომ ტურნირი დათქმულ დროს გაიმართება.
დე ლაურენტისი აპირებს, მოედნების შესამოწმებლად საუდის არაბეთში კლუბის წარმომადგენლები გაგზავნოს. მისი საბოლოოდ გადაწყვეტილებაც იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა პასუხს ჩამოუტანენ ემისრები.
რეგლამენტის მიხედვით, ოთხთა ტურნირში უნდა ითამაშონ “ნაპოლიმ” (ჩემპიონი), “ინტერმა” (თასის მფლობელი), “ლაციომ” (ვიცე-ჩემპიონი) და “ფიორენტინამ” (თასის ფინალისტი).
იტალიური მედიის მტკიცებით, „ნაპოლი“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს სავარაუდოდ მცველს დაიმატებს. კლუბის ხელმძღვანელობა მიხვდა, რომ ზაფხულში დაცვაში მხოლოდ ნათანის დამატება შეცდომა იყო, რომლის გამოსწორებას იანვარში ეცდება. „ნაპოლის“ კლემენ ლენგლე და იაკუბ კივიორი მოსწონს, რომლებსაც თავიანთ გუნდებში სათამაშო დრო არ აქვთ.
საქართველოს ნაკრების და „აიაქსის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე კი დიდი ალბათობით „მეცში“ დაბრუნდება.
პრაქტიკულად შეთანხმება მიღწეულია, კლუბები ბოლო დეტალებს აგვარებენ, კერძოდ, ფრანგებს სურთ, რომ ხელფასის ნაწილი „აიაქსმა“ გადაიხადოს.
ფიფას წესების მიხედვით, ფეხბურთელს სეზონში სამ კლუბში თამაში არ შეუძლია, შესაბამისად, მიქაუტაძეს ორი ვარიანტი აქვს: ან „აიაქსში“ უნდა დარჩეს, ან „მეცში“ დაბრუნდეს.
გიორგი 29 დეკემბერს, შეიძლება ქალაქ მეცში იყოს, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და იანვრიდან კლუბს სეზონის ბოლომდე იჯარით დაეხმარება.
გასულ სეზონში გიორგი მიქაუტაძემ „მეცის“ მაისურით ლიგა 2-ში 23 გოლი გაიტან ადა 8 საგოლე პასი გააკეთა, ხოლო მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ში სამ შეხვედრაში 2 გოლით და 1 საგოლე პასით გამოიჩინა თავი. შემდეგ ის „აიაქსში“ 16 მილიონ ევროდ გადავიდა, სადაც დღემდე მხოლოდ 8 უგოლო შეხვედრა ჩაატარა და ორჯერ იყო ძირითად შემადგენლობაში.
ავტორი