ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ბასილეთის საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეწყდა.
როგორც „გურია ნიუსისთვის“ცნობილი ხდება, კორონავირუსით ინფიცირება პედაგოგს დაუდასტურდა. ფაქტს ჩვენთან საუბრისას ჩოხატაურის ა(ა)იპ სკოლამდელი დაწესებულებების გაერთიანება “მომავალის” დირექტორი, ნინო ბარამიძე ადასტურებს.
ბარამიძის თქმით, პედაგოგს კორონავირუსზე ტესტი ხუთშაბათს ჩაუტარდა და ინფიცირება არ დადასტურებია, მაგრამ შემდეგ თავი შეუძლოდ იგრძნო. მორიგი ტესტის შედეგად კი ინფიცირება დაუდასტურდა.
“ხუთშაბათს გაიტესტა და ინფიცირება არ დადასტურებია. კვირას თავს შეუძლოდ გრძნობდა, რადგან ტესტი ჩატარებული ჰქონდა არც უფიქრია, რომ რაიმე საშიშროება იქნებოდა, ორშაბათს გაიტესტა თავიდან და დაუდასტურდა კორონავირუსი. ყველა გადავიყვანეთ იზოლაციაში”,_ გვითხრა ბარამიძემ.