„ბათუმელების“ ოპერატორმა გურამ მურვანიძემ, რომელიც 12 იანვარს დააკავეს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე, მასთან შესულ ადვოკატს უთხრა, რომ ის დააკავეს იმ დროს, როცა იღებდა კადრებს, თუ როგორ აკავებდა პოლიცია აქციის მონაწილეებს.
გურამ მურვანიძემ ადვოკატს, მირზა მამულაძეს უთხრა, რომ აქციაზე, როგორც კი ჩოჩქოლი შენიშნა, გადასაღებად გაიქცა და იღებდა, როგორ აკავებდნენ აქციის მონაწილეებს. ამ დროს გაიგონა, როგორ იკითხა ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ, „ვინ იღებს“. ადვოკატის თანახმად, გურამ მურვანიძემ პოლიციელს უთხრა, რომ „ბათუმელებიდან“ იყო, რასაც მოჰყვა გინება დგებუაძის მხრიდან და მისი უშუალო მოწოდება, წაერთმიათ ტელეფონი.
შესაბამისად, პოლიციამ ზუსტად იცოდა, რომ აკავებდნენ „ბათუმელების“ თანამშრომელს, თუმცა „ტვ პირველს“ ბათუმის პოლიციის უფროსმა დაკავებულების რაოდენობაზე კომენტარისას უთხრა, რომ არ იცის, ვინ არის „ბათუმელების“ ოპერატორი.
გურამ მურვანიძე ამბობს, რომ შეეცადნენ მისთვის ტელეფონი წაერთმიათ და წაართვეს კიდეც.
ადვოკატს გურამ მურვანიძემ უამბო, რომ დაკავების შემდეგ, მანქანაში, მას ტელეფონის კოდს სთხოვდნენ და თან აგინებდნენ.
გურამ მურვანიძე გადაყვანილია ფოთის იზოლატორში.
ადვოკატის თქმით, მის წინააღმდეგ გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე-173 მუხლებით განიხილება.
გურამ მურვანიძე „ბათუმელების“ მეორე თანამშრომელია, რომელიც საპროტესტო აქციებზე ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მითითებით დააკავეს. ასევე, დაკავებულია „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი, რომლის შემთხვევაშიც გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით მიმდინარეობს.