ბათუმში მომხდარ ტრაგედიაზე სოციალური მუშაკები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
“15 თებერვალს, ქ. ბათუმში მომხდარი ტრაგედია კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ქვეყანაში ბავშვთა უსაფრთხოება და კეთილდღეობა არ არის უზრუნველყოფილი.
როგორც სოციალური მუშაკები, ვგრძნობთ პასუხისმგებლობას იმ ოჯახებისა და ბავშვების წინაშე, რომლებიც მუდმივად იმყოფებიან საფრთხისა და რისკის ქვეშ.
განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ოჯახებს არ აქვთ სათანადო მხარდაჭერა და საბაზისო რესურსებზე წვდომა, ამიტომ, ბავშვებს უხდებათ თავის გადარჩენისთვის საფრთხსშემცველ საქმიანობაში ჩართვა.
ამასთანავე, „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ბავშვიანი ოჯახებისთვის არ იქნა შეთავაზებული უსაფრთხო საცხოვრებელი პირობები და არ განხორციელებულა ბავშვთა დაცვის საკმარისი ღონისძიებები, რათა არ აღმოჩენილიყვნენ სიღარიბისა და სიცოცხლისთვის სახიფათო პირობებში.
საერთაშიროსო და ადგილობრივი კონვენციებით სახელმწიფოს აქვს პირდაპირი ვალდებულება, უზრუნველყოს ბავშვების დაცვა, განათლება და სათანადო საცხოვრებელი პირობები. ამისათვის, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო უნდა აკონტროლებდეს და უზრუნველყოფდეს დაუცველი ოჯახების მხარდაჭერას.
მუნიციპალიტეტში ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილებას აქვს ვალდებულება დაიცვას ბავშვთა უფლებები და მხარი დაუჭიროს მათ. ხოლო მუნიციპალური ინსპექციის სამსახური ვალდებულია უზრუნველყოს სამშენებლო ნებართვის გაცემისა და პროცესის მონიტორინგი.
მთავარი კითხვები და მოთხოვნები:
1.რომელი უწყების სამსახური ახდენდა იდენტიფიცირებას და მუშაობდა „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებ მოწყვლად მდგომარეობაში მყოფ ბავშვიანი ოჯახებთან?
2. რა ტიპის მომსახურება მიეწოდათ ოჯახებს, რათა ოჯახებს ჰქონოდათ უსაფრთხო საცხოვრებელი გარემო?
3.რა ტიპის მომსახურება მიეწოდათ ოჯახებს, რათა დაკმაყოფილებული ყოფილიყო ბავშვების ბაზისური საჭიროებები?
4. რა რესურსი ან გეგმა არსებობს მუნიციპალიტეტში მსგავსი კრიზისული სიტუაციების თავიდან ასარიდებლად?
5.რა ღონისძიებები განახორციელა ქ. ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ ქალაქში უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად?
მოვითხოვთ, მოცემულ კითხვებზე გაკეთდეს საჯარო განცხადება და საზოგადოებას მიეწოდოს ინფორმაცია დაუყოვნებლივ, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპების დაცვით”,_ აცხადებენ სოციალური მუშაკები.