დღეს, 19 მაისს, ბათუმში, ერთ-ერთ სათარჯიმნო ბიუროში მისულმა რუსეთის მოქალაქეებმა იქვე გაკრული უკრაინის დროშა ჩამოხიეს.
ორი ქალი და ორი კაცი გააღიზიანა წარწერამ – „რუსკი კარაბლ იდი…“ ბიუროს შენობაში ამ დროს მხოლოდ ორი ქალი თანამშრომელი იყო. რუსებმა ერთ-ერთ მათგანს ხელი დაარტყეს.
ბიუროს ერთ-ერთი თანამშრომლის, ელენე ხაჯიშვილის მონათხრობით, როცა დაიწყეს უკრაინის დროშის დაზიანება, მისმა კოლეგამ, ნანა წაქაძემ რუსეთის მოქალაქეებს მიუთითა, რომ ისინი იმყოფებოდნენ კერძო საკუთრებაში და სხვის ქონებას აზიანებდნენ. „თან დაიწყო ტელეფონით გადაღება“ და ამის გამო ფიზიკურად შეეხნენ: „დაარტყეს“. ამის შემდეგ პოლიცია გამოვიძახეთ“, – გვიყვება ელენე.
ელენეს თქმით, ისინი მათ ემუქრებოდნენ:
„ჯერ დაგვემუქრნენ, უნდა გიჩივლოთ, დაგვიწერეთ თქვენი სახელი და გვარი რომ გიჩივლოთო. ჩხუბი უნდოდათ, მაგრამ ჩვენ არ ავყევით. მე სახელი და გვარიც დავუწერე – წადით და მიჩივლეთ-მეთქი. ეს არ მოეწონათ და დაიწყეს დროშის ჩამოხევა“.
ელენეს თქმით, დროშა ქალმა ჩამოხია და მანვე დაარტყა ხელი მის კოლეგას.
„ამ დროს ახლოდან ტელეფონით ვიღებდი, როცა ფიზიკურად შემეხო, ხელი დამარტყა. გამოვიძახეთ პოლიცია და მალევე მოვიდნენ, გადამიყვანეს განყოფილებაში, სადაც მივეცი ჩვენება“, – ამბობს ნანა წაქაძე.
ელენე ხაჯიშვილი ამბობს, რომ ის პოლიციაში დასაკითხად არ გადაუყვანიათ.
წყარო: batumelebi