ბათუმის ინფექციურში საეჭვო სიმპტომებით ხუთი ადამიანი შეიყვანეს. როგორც აჭარის ჯანდაცვის მონისტრმა განაცხადა, მოქალაქეები ევროპის ქვეყნებიდან ჩამოვიდნენ.
ზაალ მიქელაძის განცხადებით, პაციენტების მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.
მიქელაძის თქმით, ლაბორატორიული კვლევის პასუხი დღის ბოლოს იქნება ცნობილი.
„ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში, ევროპის ქვეყნებიდან ჩამოსული, ვირუსისთვის საეჭვო ნიშნის მქონე ხუთი მოქალაქე შეიყვამეს. თქვენ იცით, რომ ლუგარის ლაბორატორიის ფილიალი აჭარაშია და ამ ტესტების გაკეთება დაიწყო. რამდენიმე საათში პირველადი შედეგები გვექნება”, _ აღნიშნა ზაალ მიქელაძემ
აჭარაში 30-ზე მეტი მოქალაქე კარანტინში იმყოფება, 70 მდე კი თვითიზოლაციაში.
12 მარტს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.