ბათუმში პატრულის თანამშრომელი ცივი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა ღამით მოხდა.
დაჭრილი პოლიციელი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც თვითმხილველებმა განაცხადეს, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც პოლიციელმა ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი პირი გააჩერა.
თუმცა, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის კოტე ანანიაშვილის განცხადებით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი მოქალაქემ თავად გააჩერა და შემდეგ პატრულ-ინსპექტორ ოთარ თავართქილაძეს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა.
„ბათუმში საპატრულო ეკიპაჟი მოძრაობის დროს შეაჩერა მოქალაქემ. როდესაც პატრულ-ინსპექტორი გადმოვიდა ავტომანქანიდან კაცმა მას მოულოდნელად ცივი იარაღით მიაყენა ჭრილობა ყელის არეში, ხოლო მეწყვილემ თავდამსხმელი ადგილზე დააკავა,“ – აცხადებს ანანიაშვილი.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.
პოლიციელის დაჭრაში ბრალდებული უკვე დაკავებულია.