ჩვილებისთვის განკუთვნილ პამპერსებში ტოქსინები აღმოაჩინეს. აღნიშნულ ინფორმაციას Euronews ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, პამპერსების კვლევა მსოფლიოში პირველად ჩატარდა.
საფრანგეთის ჯანდაცვის ეროვნული სააგენტო Anses-ის თქმით, ზოგიერთი ქიმიკატი აღემატება უსაფრთხოების დონეს.
მაუწყებლის ინფორმაციით, საფრანგეთის ხელისუფლებამ მწარმოებლებს 15 დღე მისცა სამოქმედო გეგმის ასამუშავებლად, რომელიც ტოქსიკური ნივთიერებების პამპერსებიდან მოშორებას ითვალისწინებს.
ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, პანიკის საფუძველი არ არსებობს.
საფრანგეთის გარემოს დაცვის რისკის შემფასებელი სააგენტოს დირექტორის თქმით, მომხდარის გამო ადამიანები შეიძლება რამდენიმე სახის პრობლემის წინაშე დადგნენ.
„არსებობს ორი სახის რისკი. პარფიუმმა შეიძლება კანის გაღიზიანება გამოიწვიოს, გარდა ამისა, დიოქსინის ეფექტი არის ხანგრძლივი და მავნე“, _ ამბობს ის.
როგორც ცნობილია, საფრანგეთში ყოველ წელს სამ მილიარდზე მეტი პამპერსი იყიდება და გვერდითი ეფექტი ჯერ არ გამოვლენილა.