ავადმყოფობის გამო ბავშვს საწოლში ყოფნა რომ არ გაუჭირდეს, დაგეხმარებათ თამაში. მაგალითად, თუ მის გვერდით დააწვენთ “ავადმყოფ” სათამაშოს (ნებისმიერს) და თუ ჯერ მას დაალევინებთ წამალს ან თვალში ჩააწვეთებთ, ისიც დალევს და ჩაიწვეთებს. შეეცადეთ, სათამაშო არ იყოს ხმაურიანი ან დიდი, რადგან ავადმყოფ ბავშვს აწუხებს ხმაური, მკვეთრი ნათურები თვალს სჭრის…
უმჯობესია მოუყვეთ მათი საყვარელი ზღაპარი და ამ ზღაპრის გმირები მაგნიტებით დაამაგროთ სპეციალურ დაფაზე; ან სათამაშოები დაალაგოთ პატარა მაგიდაზე და მოათავსოთ მის საწოლზე. ამ მაგიდაზე შეუძლია ჭამოს კიდეც. თამაშის დროს თუ ბავშვი გაჭირვეულდა, აღარ გისმენთ, საშიში არაფერია. ე.ი. გადაიღალა, გადაიტანეთ მისი ყურადღება სხვა თამაშზე, საგანზე, ზღაპარზე – ეს თავისებური ფსიქოთერაპიაა – ბავშვი დამშვიდდება.
თამაში, ისე როგორც წამალი, უნდა შეირჩეს დაავადების მიხედვით. გაცივებით გამოწვეული ძლიერი ხველება (ბრონქული, ყივანახველა), თუ ძალ-ღონეს აცლის პატარას, ისეთი თამაშით გაართეთ, რომ დაავიწყდეს ხველება. თუ ბავშვს არა აქვს მაღალი ტემპერატურა, პატარა აბაზანაში ჩაასხით თბილი წყალი და მიეცით უფლება, აბანაოს საყვარელი სათამაშოები (იხვები, გემები და ა.შ.). ნოტიო ჰაერი მისთვის ძალიან სასარგებლოა, სუნთქვას უადვილებს, ამშვიდებს, ნაკლებად ახველებს.
გრიპის, ბრონქული ასთმის დროს არ მისცეთ ბავშვს უფლება, ჩაცუცქდეს იატაკზე, ნოხზე, ორპირში. ამ დროს ბავშვს უძნელდება სუნთქვა, ერღვევა სისხლის მიმოქცევა, ფერხდება ფილტვების ვენტილაცია და გამოჯანმრთელება.
თუ პატარას ყელი სტკივა (ფარინგიტი, ანგინა, ქუნთრუშა) და ყელში გამოვლება არ იცის, მაგალითისთვის, ოჯახის წევრებმა უნდა წამოიწყონ თამაში: ყელში თბილი წყალი გამოივლონ ისე, რომ პატარა ხედავდეს. ბავშვი შეეცდება ჩაერთოს თამაშში. პირველად მიეცით ჩვეულებრივი თბილი წყალი, შემდეგ კი ნელ-ნელა შეურიეთ გვირილის ან სალბის ნაყენი. მთავარია, ნაყენი არ იყოს ძალიან უგემური, რომ პირღებინება არ გამოიწვიოს (ეს რეფლექსი ისედაც დამახასიათებელია პატარა ბავშვებისთვის) და თუ დაეწყოთ პირღებინება, ძალა აღარ დაატანოთ პროცედურის გამეორებაზე.
ჩუტყვავილას, დერმატიტისა და კანის სხვა ალერგიული დაავადებების დროს, როდესაც ბავშვს აწუხებს ქავილი, სასურველია, ისეთი თამაში შესთავაზოთ, რომ ხელები დაკავებული ჰქონდეს და კანს აღარ მოიქავებს (დაკეცოს ქაღალდები, მაკრატლით გამოჭრას ფიგურები, ააწყოს კუბები, პირამიდა, მოზაიკა, გააფერადოს და ა.შ.). მასთან ერთად მოაწყვეთ საოჯახო თითების თოჯინების თეატრი. თამაშის დროს პატარას ავიწყდება ქავილი, ამასთან ერთად სწავლობს სწორად აზროვნებას.
შეიძლება მისცეთ საძერწი თიხა, პლასტილინის ნაცვლად – მარილიანი ცომი (აიღეთ 2 წილი ფქვილი და 1 წილი მარილი, ნელ-ნელა მოზილეთ თბილი წყლით და ფერისთვის დაამატეთ აკვარელის საღებავები), მასთან ერთად გამოძერწეთ პატარა ფიგურები, შეაწყვეთ აირღუმელში, გამოაცხვეთ და მიეცით სათამაშოდ. ყურადღებით იყავით, არ შეჭამოს.