ბრაზილიის სანაპიროსთან მობინადრე ზვიგენების ორგანიზმში კოკაინი აღმოაჩინეს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ბიოლოგებმა 13 ზვიგენი რიო-დე-ჟანეიროსთან გატესტეს და დაადგინეს, რომ მათ კუნთებსა და ღვიძლში კოკაინის მაღალი რაოდენობა იყო.
მათი თქმით, ნარკოტიკული ნივთიერების კონცენტრაცია 100-ჯერ აღემატებოდა ზღვის სხვა ბინადრებში მანამდე გაკეთებული ტესტების შედეგებს. როგორც ბიოლოგებმა აღნიშნეს, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც შესაბამისი კვლევა ზვიგენებს ჩაუტარეს.
როგორც BBC წერს, ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ კოკაინი წყალში არალეგალური ლაბორატორიებიდან მოხვდა, სადაც ნარკოტიკს მისი მომხმარებლების ექსკრემენტების გადამუშავებით იღებენ. სხვა ვარიანტად ტრანსპორტირების დროს კოკაინის წყალში გადავარდნაა, თუმცა, ეს ვერსია სპეციალისტებს ნაკლებად სავარაუდოდ მიაჩნიათ.
მეცნიერების თქმით, ეს საკმაოდ შემაშფოთებელი აღმოჩენაა, რადგან წინა კვლევებმა აჩვენა, რომ ნარკოტიკები ცხოველებზე ისევე მოქმედებს, როგორც ადამიანებზე.
როგორც გამოცემა წერს, კვლევის ფარგლებში შემოწმებული ყველა მდედრი ზვიგენი ორსულად იყო. სპეციალისტები ამბობენ, რომ დამატებითი კვლევებია საჭირო იმის დასადგენად, თუ რა გავლენა ექნება დედის ორგანიზმში ნარკოტიკის ასეთ მაღალ კონცენტრაციას ნაყოფზე.
ავტორი