“ახლა შუაღამეა, ალბათ გძინავს. მე გამაღვიძა შენმა მონატრებამ, ან იქნებ არც მძინებია, არ ვიცი. ვგრძნობ სიყვარულით გაზავებული მონატრება როგორ მიწვავს გულ-მუცელს. ბედმა არ მოგვიქსოვა ერთი საბანი და არ გვიკურთხა საწოლი, მაგრამ მაინც სიყვარულად მოხვედი და რადგან მოხვედი, რადგან გნახე, აღარაა მნიშვნელოვანი ცხოვრების რომელ საფეხურზე შემხვდი.
ახლა იმ ოცნებებში დავდივარ, რომელშიც შენი სიყვარულით დავინახე ლურჯი ფერი. მჯერა, მიუხედავად ყველაფრისა, სადღაც დიდი ხნის წინ შეიკერა ის ბალიში, რომელზედაც ერთ დღეს დავდებთ თავს და ყველა სიტყვასთან ერთად შეინახავს იმ ცრემლსაც, რომელიც ბედნიერების ნიაღვარად გადმოგვივა თვალებიდან. მჯერა, სადღაც დიდი ხნის წინ შეიკერა ბედისწერის მსგავსად ის საბანი, რომელიც ერთად დაგვიფარავს სიცივისგან და სოფლის თვალიდან. საბანი, რომელშიც ერთარსებად ვიქცევით. სადღაც გამზადებულია ის საწოლი, სადაც უნდა შევიგრძნოთ ერთმანეთი წამის მარადიულობის ნატვრით და ეს საწოლი, ჩვენი ყველაზე მეგობარი სამარის პირამდე შეინახავს ამ საიდუმლოს, ადამიანის გონებისთვის წარმოუდგენელი ერთგულებით”.
ბასილი ნიკოლაძე