ბელგიის პოლიციამ ბერძენი ევროპარლამენტარი, საბერძნეთის „პანელინური სოციალისტური მოძრაობის“ წევრი ევა კაილი დააკავა, რომელიც ევროპარლამენტის 14 ვიცე-პრეზიდენტიდან ერთ-ერთია.
მედიის ინფორმაციით, ევა კაილი კრიმინალურ ორგანიზაციასთან, კორუფციასა და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავეს.
ბელგიის ხელისუფლების ინფორმაციით, ევა კაილისთან ერთად კიდევ 4 პირი დააკავეს.
ბელგიის ფედერალური პროკურატურის განცხადებით, სპარსეთის ქვეყანა „ევროპარლამენტის ეკონომიკურ და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენას ცდილობდა“. კერძოდ, ქვეყანა, რომელსაც ბელგიის ხელისუფლებაში არ ასახელებენ, ცდილობდა ევროპარლამენტზე ზეგავლენის მოხდენას „დიდი თანხის გადახდით და დიდი საჩუქრების შეთავაზებით მესამე მხარეებისთვის, რომლებსაც მნიშვნელოვანი პოლიტიკური და/ან სტრატეგიული პოზიცია აქვთ ევროპარლამენტში“.
ბელგიური გამოცემები Le Soir და Knack ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ საუბარია კატარზე, რომლის ოფიციალური პირები ყოფილი იტალიელი დეპუტატის მოქრთამვას ცდილობდნენ.
სამართალდამცავებმა, გამოძიების ფარგლებში, ბრიუსელში ჩხრეკა 16 მისამართზე განახორციელეს. მათ, დაახლოებით, 600 000 ევრო ნაღდი ფული, ასევე კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები ამოიღეს.
პანელინურმა სოციალისტურმა მოძრაობამ (PASOK) განაცხადა, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო ევა კაილი პარტიიდან გარიცხეს.
წყარო: ინტერპრესნიუსი