გუშინ, პორტუგალიურ სპორტულ მასმედიაში გავრცელდა ცნობა, რომ ლისაბონის „ბენფიკა“ საქართველოს ეროვნული გუნდის კარის დარაჯი გიორგი მაკარიძეთი კვლავ დაინტერესდა. რამდენიმე კვირის წინ ქართველი მეკარე ამ სახელგანთქმულ გუნდში უნდა გადასულიყო, მაგრამ მაკარიძის ამჟამინდელმა კლუბმა „მორეირენშემ“ და „ბენფიკამ“ საერთო შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
ამის შემდეგ მაკარიძეს სახელს პორტუგალიურ „ბრაგას“ უკავშირებდნენ, ამჟამად კი ფეხბურთელის მენეჯერი მოლაპარაკებას ესპანურ „დეპორტივოსთან“ აწარმოებს.
აღმოჩნდა, რომ რამდენიმე დღის წინ, „ბენფიკა“ კარის დარაჯმა ანდრე მორეირამ დატოვა, რომელიც კარიერას „ბრაგაში“ გააგრძელებს. ლისაბონური გუნდი ახალი მეკარის დამატების აუცილებლობის წინაშე დადგა. პორტუგალიური გრანდის წარმომადგენლები ქართველ კარის დარაჯს უკვე დაუკავშირდნენ.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველ ჯაბა კანკავას რუსული პრემიერლიგის ერთ-ერთი კლუბის ვარიანტი აქვს და შესაძლოა, სწორედ იქ გააგრძელოს კარიერა. კონკრეტულად რომელ კლუბში, ჯერჯერობით არ სახელდება.
კანკავა ფრანგული ლიგა 2-ის „რეიმსის” ფეხბურთელია და კლუბს სურს, რომ ნახევარმცველი სარფიანად გაყიდოს.
პოპულარულმა სპორტულმა გამოცემა „ESPN“-მა სეზონის საუკეთესოები დაასახელა.
წლის საუკეთესო კლუბი ზაზა ფაჩულიას „გოლდენ სტეიტი” გახდა. შეგახსენებთ, რომ “მეომრებმა” ნბა ისე მოიგეს, ფლეი-ოფში მხოლოდ ერთი შეხვედრა დათმეს.
იაპონიაში მიმდინარე სუმოისტთა საზაფხულო ბაშოზე გუშინ მეხუთე დღის ორთაბრძოლები გაიმართა. ტოჩინოშინმა ურასთან წააგო და ჯერჯერობით უარყოფითი ბალანსი გააჩნია – 2:3. ასევე მარცხი იგემა გაგამარუმაც, რომელსაც კაისეიმ აჯობა. თეიმურაზ ჯუღელის ანგარიშზე ერთი მოგება და ოთხი წაგებაა.