“ბიძინა ივანიშვილი თავისი გუნდის უღირსი კაპიტანია და პირველი გარბის იმ გემიდან, რომელიც იძირება,“ – ასე ეხმაურება “ლელოს“ დამფუძნებელი გიორგი სიორიძე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას.
გიორგი სიორიძე ამბობს: „2012 წლის 1 ოქტომბერი უახლეს ქართული ისტორიაში გარდამტეხი თარიღია: დღე, როდესაც ქართულმა საზოგადოებამ გამოიჩინა უდიდესი სიმტკიცე, არ შეუშინდა ავტორიტარულ ძალადობას და არჩევნების გზით შეცვალა ხელისუფლება. ეს პრეცედენტი უნდა ყოფილიყო ჩვენს სახელმწიფოში ხელისუფლებათა ცვლილების დემოკრატიული ტრადიციის დასაწყისი, მაგრამ სამწუხაროდ, ეს არ მოხდა. ეს არ მოხდა, იმიტომ, რომ, როგორც აღმოჩნდა, ივანიშვილს ამისი ნება არ ჰქონდა. 8 წლის მანძილზე ქვეყნის მთავარ პრობლემებად კვლავაც რჩებოდა წინა ხელისუფლების ყველაზე მანკიერი მემკვიდრეობის გამოვლინებები: ელიტური კორუფცია, სახელისუფლო კლანების თვითნებობა, პოლიტიკური სასამართლო და პროკურატურა, ჩამოშლილი და მარიონეტებად ქცეული სახელმწიფო ინსტიტუტები. საქართველო, პრაქტიკულად გაქრა მსოფლიო პოლიტიკური დღის წესრიგიდან და იქცა ოკუპანტი ქვეყნის სასარგებლო მოთამაშედ. 8 წლის თავზე, ქვეყანას ჰყავს სიღატაკეში მცხოვრები მოსახლეობა და მძვინვარებს ღრმა პოლიტიკური კრიზისი. ამ მოცემულობის წინაშე კი გვყავს ერთპარტიული პარლამენტი, იმიტომ, რომ ივანიშვილს არ სურდა ქართველი ხალხის ნების აღიარება. ეს მას ძვირად დაუჯდა: გაყალბებულ არჩევნებს ოპოზიციამ ბოიკოტით უპასუხა. „ქართული ოცნების“ გემმა ჩაძირვა დაიწყო, მისი უღირსი და ეგოისტი კაპიტანი კი პირველი გარბის გემიდან და ცდილობს სრული პასუხისმგებლობა შექმნილ უმძიმეს ვითარებაზე თავის უბადრუკ გუნდს გადააკისროს. „ქართული ოცნების“ მმართველობის გარდაუვალ და კარსმომდგარ დასრულებამდე ქვეყანაში გვაქვს ავტორიტარიზმი ავტორიტარის გარეშე. ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა, რომ საქართველო ორპარტიული ბრძოლის პოლიგონად ქცეულიყო. ახლა, ჯანსაღი ოპოზიციის მთავარი ამოცანაა, რომ ეს პოლიგონი დასრულდეს და ახალმა პოლიტიკურმა პროცესმა, რომლის სივრცეც ივანიშვილის წასვლით უდაოდ გაჩნდა, გამოიყვანოს ქვეყანა ამ მრავალმხრივი კრიზისიდან. “