ლანჩხუთის საკრებულოს წევრი და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე რომან ბიწაძე, რომელიც ახლადდაფუძნებული პარტიის „შენების მოძრაობის“ ადგილობრივ ორგანიზაციას ჩაუდგა სათავეში, ოქტომბერში გასამართ თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ გეგმავს. თუმცა, აპირებს გააგრძელოს აქტიური პოლიტიკური საქმიანობა.
„თვითმმართველობის ამ არჩევნებში არ ვმონაწილეობ, მაგრამ აქტიურ პოლიტიკაში ვრჩები და პრესკონფერენციებსაც ხშირად გავმართავ. ჩვენი პარტია სერიოზულად მოემზადება მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის“, _ ამბობს ბიწაძე.
რომან ბიწაძე 2006 წლიდან მოყოლებული რესპუბლიკური პარტიის ადგილობრივ ორგანიზაციას თავმჯდომარეობდა. 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზეც რესპუბლიკელების კვოტით შევიდა საკრებულოში, თუმცა, მას შემდეგ, რაც დავით უსუფაშვილმა პარტია დატოვა და ახალი მოძრაობა დააფუძნა, ბიწაძემაც საბოლოოდ არჩევანი „შენების მოძრაობის“ სასარგებლოდ გააკეთა.