სამართლიანი და გამჭვირვალე საგადასახადო გარემოს არსებობა ბიზნესის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. გადასახადის გადამხდელთა უმრავლესობას, რომელიც ნებაყოფლობით იხდის კუთვნილ გადასახადს, თავისი წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. ამ მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია სახელმწიფოს მხრიდან საგადასახადო ზედმეტობების დაბრუნების პროცესის ხელშეწყობა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ვალდებულია, კანონის ფარგლებში დაკისრებული მოვალეობები შეასრულოს და ბიუჯეტთან ანგარიშსწორების ვალდებულებები უზრუნველყოს ისე, რომ კეთილსინდისიერი გადამხდელის ინტერესი მაქსიმალურად იყოს დაცული.
„გულწრფელად ვუხდი მადლობას იმათ, ვინც ბიზნესთან სახელმწიფოს ურთიერთობის ასეთი ადამიანური და მაღალი სტანდარტი დაამკვიდრა ქვეყანაში. ეს განვითარების საწინდარია!“ – დაწერა საკუთარ გვერდზე სოციალურ ქსელში „FACEBOOK“-ში მეწარმე გიორგი გაბუნიამ, რომელმაც 7 წლის წინ სამხედრო საქმიდან ბიზნესში გადაინაცვლა. თავის პოსტში, მეწარმემ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან ურთიერთობის საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრა და აღნიშნულ უწყებას მადლობა გადაუხადა.
“7 წელი გახდება მალე, მას შემდეგ, რაც ჯარიდან გაძევებულებმა პატარა კომპანია დავაარსეთ და მეშვიდე წელს საგადასახადოც გვესტუმრა. სიმართლე მინდა ვთქვა, ცოტას ვნერვიულობდი და დაძაბული ველოდებოდი შედეგს. გუშინ მივიღეთ შეტყობინება, რომ დასრულდა შემოწმება და რამდენად გასაკვირი არ უნდა იყოს, აღმოჩნდა, რომ ბიუჯეტში ამ წლების განმავლობაში ზედმეტად გადახდილი თეთრები გადათვალეს და უახლოეს დღეებში, კომპანიის ბარათზე დაგვერიცხება 33 000 ლარი! ეს ჩემთვის დაუჯერებელი ამბავია, რადგან თანხის დაბრუნება კი არა, ათეულობით ჩემი ნაცნობს მცირე დარღვევებისთვის ციხეები აქვთ მოვლილი და დღესაც წაგლეჯილის გასტუმრებას ცდილობენ”, _ წერს გაბუნია.
მეწარმის მოსაზრებას სოციალური ქსელიდან მისი მეგობრები გამოეხმაურნენ _ „კანონის სრული დაცვით შესაძლებელი ყოფილა წარმატებული ბიზნესის წარმოება“; „ასეთი რამ, ალბათ, საქართველოს უახლოეს ისტორიაში არ მომხდარა. იმედია, ქვეყანა ახალი თანამედროვე სტანდარტების გზას დაადგა, სადაც გადამხდელი – ეს არ არის ბიუჯეტში ფულის ამოსაქაჩი საშუალება, არამედ, ბიუჯეტის ერთ-ერთი წყარო, რომელსაც გაფრთხილება და მოფერება უნდა“; „მისასალმებელია ქვეყანაში ასეთი კანონიერება“; „ძალიან კარგი ამბავია და როგორც საგადასახადო სამსახურის, ასევე, თქვენს პატიოსნებაზე მეტყველებს“, _ წერდნენ გიორგი გაბუნიას.
მნიშვნელოვანია, წინასწარ და ზედმეტად გადახდილი გადასახადების დაბრუნების პროცესი გამჭირვალე და მარტივი გადამოწმების შემდეგ, გადამხდელებს დაუბრუნდეთ ის გადასახადები, რომლებიც მათ ბიუჯეტში ზედმეტად აქვთ გადახდილი. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ბიზნესს არ ჰქონდეს ზედმეტი ვალდებულებები და ისინი პირნათელნი იყვნენ ბიუჯეტის წინაშე, ისე როგორც ბიუჯეტი იყოს პირნათელი ბიზნესის წინაშე.
როგორც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, აღნიშნული გადაწყვეტილება იმ პოლიტიკის ნაწილია, რომელსაც ატარებს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, რაც გულისხმობს ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობების ისეთი სტანდარტების ჩამოყალიბებას, როცა ერთი მხრივ, სახელმწიფო უწყება, ამ შემთხვევაში, ფინანსთა სამინისტრო და მისი ქვემდებარე სტრუქტურები, მათ შორის, შემოსავლების სამსახური უზრუნველყოფს ბიუჯეტთან ანგარიშსწორების ვალდებულებებს ისე, რომ არ დააზიანოს კეთილსინდისიერი გადამხდელის ინტერესები, ხოლო, მეორე მხრივ, თავად სახელმწიფომაც შეასრულოს ბიზნესის წინაშე კანონით ნაკისრი ვალდებულებები.
კეთილსინდისიერად გადახდილი გადასახადებისა და მოწესრიგებული აღრიცხვიანობის პირობებში, გადამხდელი დაცულია და მის ინტერესებს სწორედ სახელმწიფო იცავს.