თბილისის ახალი მერი დავით ნარმანიას მიერ თბილისის საკრებულოსთვის წარდგენილ ბიუჯეტს უკან გამოითხოვს. კახა კალაძე განმარტავს, რომ მასში არ არის გათვალისწინებული ის პროექტები, რომლის განხორციელებასაც დედაქალაქის ახალი მთავრობა გეგმავს.
„ბიუჯეტს რა თქმა უნდა, უნდა გამოვითხოვოთ აუცილებლად იმიტომ, რომ დავით ნარმანიას მიერ არის წარდგენილი. მასში არ არის გათვალისწინებული ჩვენი პრიორიტეტები. შესაბამისად მოგვიწევს მუშაობა, გამოვითხოვთ და შემდეგ დაუბრუნდება საკრებულოს ჩვენს მიერ განსაზღვრული პროექტებით, რომელიც იქნება გათვალისწინებული მომავალი წლისთვის,“-განაცხადა კახა კალაძემ.
დავით ნარმანიას მიერ საკრებულოსთვის გადაგზავნილი დოკუმენტის გადამუშავებული ვერსია დეპუტატებს კახი კალაძემ 10 დეკემბრამდე უნდა წარუდგინოს. უკვე ყოფილმა მერმა თბილისის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს გასულ კვირას მიაწოდა, 25 ნოემბრამდე კი დოკუმენტი ისევ მერიაში დაბრუნდება, სადაც დედაქალაქის ახალი მთავრობა მას საარჩევნო პრიორიტეტების მიხედვით შეცვლის.
საკრებულოს უმრავლესობაში განმარტავენ, რომ კახი კალაძის გუნდი ბიუჯეტის მოცულობის გაზრდას გეგმავს. საკრებულოს ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ თბილისის მთავრობის მიერ წარდგენილი ბიუჯეტი არ პასუხობს იმ პრობლემებს, რაც აქვთ თბილისელებს.
„თბილისის საკრებულოში შემოვიდა 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც 11 მილიონი ლარით არის შემცირებული წლევანდელ ბიუჯეტთან შედარებით. ეს ნიშნავს იმას, რომ დედაქალაქს კიდევ უფრო ნაკლები თანხა ექნება იმისათვის, რომ მოაგვაროს პარკინგების პრობლემა, საცობების პრობლემა, ავარიული კორპუსების პრობლემა,“-აცხადებს ენმ-ს წევრი ირაკლი ნადირაძე.
rustavi2.ge