წლის დარჩენილი პერიოდისთვის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მიმდინარე წლის ბიუჯეტში, დამატებით 109 ათასი ლარის მოძიება გახდა საჭირო გარე განათებაზე მოხმარებული ელექტრო ენერგიის დასაფინანსებლად.
მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის განმარტებით, წლის ბიუჯეტით გარე განათებაზე მოხმარებული ელექტროენერგიის დაფინანსება 230 ათასი ლარით განისაზღვრა, წინა წლის ხარჯთან შედარებით 25 ათასით მეტი, თუმცა, ირკვევა, რომ წლის დარჩენილი პერიოდისთვის დეფიციტი იქმნება.
მიმდინარე წლის 25 აგვისტოს თვის მონაცემებით მუნიციპალიტეტის მასშტაბით გარე განათების ხარჯმა უკვე 217,7 ათასი ლარი შეადგინა, დარჩენილი 12,3 ათასი ლარი კი აგვისტოს თვის ხარჯებისთვისაც კი არაა საკმარისი.
„თუ გავითვალისწინებთ, რომ განვლილ პერიოდში საშუალო თვის ხარჯი შეადგენს 27,3 ათას ლარს, დამატებით წლის დარჩენილი პერიოდისთვის 109 ათასი ლარით უნდა გაიზარდოს მოხმარებული ელექტრო ენერგიის ხარჯის დაფინანსება. ხარჯის დაფინანსება უნდა განხორციელდეს ჯარიმების და საურავების გეგმის 109 ათასი ლარით ზრდის ხარჯზე“-განმარტავს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური.
ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილების ასახვის მიზნით ლანჩხუთის საკრებულოში, დეპუტატთა თანხმობით, ადმინისტრაციული წარმოება უკვე დაწყებულია. საკრებულოს სხდომაზე მყოფთაგან ერთადერთი ვინც საკითხთან დაკავშირებით კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, იმ მოტივით, რომ წინა საარჩევნო პერიოდი ბიუჯეტში ცვლილებას არამართებულად მიიჩნევს, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ამირან გიგინეიშვილი იყო.
[sexy_author_bio]