ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში, ვაზის ცნობილი ტრფიალის, ანდრო ვაშალომიძის სადემონსტრაციო ნაკვეთში, თექვსმეტი სახეობის გურული ვაზის ჯიშია წარმოდგენილი.
შემოდგომის პიკია და საოცარ სანახაობას _ თეთრი ჯიშების: საკმიელას, ათინაურის, კლარჯულის, ვარდისფერის: ჩხავერის და ბადაგის, წითელყურძნიანების: მტევანდიდის, ჯანის, ალადასტურის თუ მტრედისფეხას ზღაპრულ ფერთა გამას, შეიძლება, მხოლოდ კაცის უნაკლო გონის, ღვთისა და დედაბუნების ქმნილების მაქსიმალური გამოვლინება უწოდო _ მტევნებს ვეღარ იჭერს საგანგებოდ გამართული ტალავერი. გურული ვაზის ჯიშების ასეთი სრულყოფილი გამოფენა მწიფობის ფაზაში, ალბათ, საქართველოში მხოლოდ აქ შეიძლება ვნახოთ.
საუბრობს გურული გულმოდგინებითა და იმ წყალგაუვალი დიალექტით, ამ გარემოს რომ მოერგება და შვენის _ ოცი წლის წინ დაიწყო გურული ვაზის ჯიშების მოძიება. პროფესიით ინჟინერს მევენახეობასთან მხოლოდ სულიერი სამყარო აკავშირებდა და იზაბელას და “ნოას” ასპარეზად ქცეული გურია აღიზიანებდა.
რატომ გადაშენდა საუკუნენახევრის წინ ცნობილი გურული ვაზის ჯიშები და როგორ გაბატონდა არაქართული “ჭეიშვილი” თუ “იზაბელა”, ეს პრობლემა მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში, ამერიკიდან ევროპაში შემოსულმა ვაზის დაავადებამ _ ფილოქსერამ წარმოშვა: _ თუმცა, ევროპამ ამ პრობლემას დროულად მიხედა, ვაზის სამშობლო, საქართველო კი დარჩა უცხოური ჰიბრიდების საბატონოდ და სწორედ ეს მაშფოთებდა, _ ამბობს ანდრო ვაშალომიძე.
მთელი წლის მანძილზე აგროვებდა და ახლა აგროვებს ოჯახების მისამართებს, სადაც ვაზის ესა თუ ის ჯიში ეგულება. შემდეგ კი, შემოდგომაზე, მწიფობისას, იწყებს ჩამოვლას აღნიშნულ მისამართებზე. იღებს ნიმუშებს _ ვაზის რქას, ფოთლებს და რამდენიმე მტევანს, რომელსაც აგზავნის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევით ცენტრში. დღემდე ჯიღაურაში 137-ზე მეტი ნიმუში აქვს გაგზავნილი. გურული ვაზის 60-მდე ჯიშიდან 40 უკვე ამოცნობილია და ეს ყველაფერი ანდრო ვაშალომიძის დამსახურებით მოხდა.
_ ეს არ არის ჩემი ბიზნესი _ ბიზნესზე არც არასდროს მიფიქრია. აღორძინების მედროშე ვარ, თუ ხმამაღალ ნათქვამად არ ჩამითვლით. თუმცა, თავისუფლად შემეძლო, ამერჩია რომელიმე ერთი ან ორი ჯიში, მაგალითად საკმიელა, ჩხავერი და მეწარმოებინა ღვინო. სულ ცოტა, 1500 ლიტრს გავყიდდი. ტურისტული მარშრუტებიდან ხშირად მეხმიანებიან, ხომ არ ვაწარმოებ რომელიმე სახეობას. თუმცა, ეს არაა ჩემი ინტერესი. ჩემი მიზანია ძიება, რაც მახარებს და სანამ ცოცხალი ვარ, ამ საქმეს არ შევწყვეტ. პროცესი, რომელსაც მივიწყებული გურული ჯიშების მოძიება ჰქვია. მუდმივი შრომა, მუდმივი ძიება _ აი, ეს მაცოცხლებს.
ბოლო ხუთი წელია, გურიაში ჩვენებური ჯიშების გაშენების ბუმია. არ მომერიდება, ვთქვა, რომ ამ ბუმის აგორებაში დიდი წვლილი მიმიძღვის, რომელმაც ახლა ლამის თავად გადამიაროს, რადგან ვერ ვასწრებ ნერგების გამოყვანას და შეპირებისამებრ ამა თუ იმ ადამიანისთვის დახვედრებას. საყვედურების მოსმენაც მიწევს _ რომ შემპირდი, რატომ არ დამახვედრე, აქამდე ცოლიკაურს ჩავყრიდი მაინც მომზადებულ ნაკვეთზეო. თუმცა, მოთმინებით ყველაფერი შეიძლება გამოგვივიდეს. ჩემთვის ეს პურის ფული თუ არის, მეტი არაფერი, მაგრამ მიხარია, რომ ხალხში გაიღვიძა გურული ვაზის ჯიშების გაშენების სურვილმა, – ამბობს ბატონი ანდრო და საკუთარ სადემონსტრაციო ნაკვეთზე, უამრავ ჯიშთა მტევნებს შორის, საკმიელას სანთლისფერად შემწიფებულ და გამჭვირვალე მტევნებს პეშვს აგებებს _ ყველაზე დიდი მოთხოვნა ახლა ამ სახეობაზეა.
_ საკმიელა სოფელ ქაქუთში, სოსო ხინთიბიძის ოჯახში ვნახე. მისი დამსახურებაა, რომ სამზეოზე კვლავ გამოვიდა ეს უნიკალური ჯიში. ოცი წლის უკან არავის ახსოვდა თითო-ოროლას გარდა, ახლა კი რეალობაა _ საკმიელა ყველას პირზე აკერია და მის მოშენებას ცდილოს, _ გვიამბოს ის.
შვილივით ნაზარდი ვაზის შემეცნებას ანდრო ვაშალომიძის ოჯახში სხვა დატვირთვა აქვს, საკრალური, მარადიული ტკივილის გამოხატულებით _ წლების წინ მას შვილი გარდაეცვალა. სტუდენტი გოგონა უეცრად დაიღუპა, რაც მამის გულმა ხსოვნის მასშტაბში ასე ჩატია: “სანამ ვიცოცხლებ, თამთას სულის საოხ და გურიის კეთილდღეობისთვის, გურული ვაზის ჯიშების აღორძინებისთვის ვიბრძოლებ.”
ანდრო ვაშალომიძე ხაზს უსვამს საოცარ ფენომენს _ ყველაზე მეტი ვაზის ჯიში მთელ მსოფლიოში საქართველოშია და უმეტესობა გურული ჯიშებისა, მოსავლის რაოდენობით და ხარისხობრივი ნიშნით, აკმაყოფილებს დღევანდელ საერთაშორისო მოთხოვნებს.
_ ჩემი თავგადადებული მცდელობა ემსახურებოდა და ემსახურება ერთს _ მინდა ვაზის და ღვინის სამყაროს დავუმტკიცო, რომ გურია არ არის იზაბელას დ სხვა დაბალხარისხოვანი უცხოური ჰიბრიდების სამშობლო. გურულებს კი სათითაოდ ვურჩიო, დაანებონ თავი იზაბელას ანუ “ადესას” და სხვა უცხოურ ჰიბრიდებს. მიხედონ და მოუარონ ადგილობრივ საუცხოო ჯიშებს, სტუმარს და საკუთარ თავს მხოლოდ ჩვენი უნიკალური ყურძნით დაყენებული ღვინით გაუმასპინძლდნენ. სწრაფვა დიდია და წარსულთან შედარებაც არ შეიძლება, თუმცა, გურული ჯიშის ყურძნით რომ ყველა ოჯახში დაიწურება ღვინო, შედეგი ეს იქნება, _ ამბობს ის და დარწმუნებულია, ეს დრო მალე დადგება. ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ კარგ ღვინოს უნდა ახასიათებდეს დაძველების უნარი და დაძველებულიც უნდა ივითარებდეს მდიდარ ბუკეტს _ არომატების ნაკრებს, რაც ღირსების განმსაზღვრელი ნიშაა.
ანდრო ვაშალომიძემ საქართველოს მასშტაბით გამართულ საოჯახო ღვინის არა ერთ ფესტივალზე გაიმარჯვა, თუმცა, 2011 წელი განსაკუთრებული იყო _ ოქროს მედალი და ფულადი ჯილო 1 000 ლარი ხვდა წილად. 2015 წელს კი ვერცხლის მედალი ერგო, თუმცა, არც ჯილდოებისთვის იბრძვის, როგორც ამბობს: _ სასიამოვნო კი არის დაფასება, თუმცა, ასეც რომ არ მოხდეს, საქმე, რომელიც სიგიჟემდე მიყვარს, ჯილდოს მისაღებად ან ბიზნესის საკეთებლად არანაირად არ მიზიდავს. სული მთხოვს, უძველესი გურული ვაზის ჯიშები ბოლომდე გამოვიკვლიო, აღვადგინო და გადავარჩინო ის, რაც ჩვენს წინაპრებს უხვად გააჩნდა, ცუდმა ვითარებამ კი დრო გააჩერა და ვაზის სამშობლოს ეს არ ეკადრება.
მიაჩნია, რომ ვაზის მოვლა სასწაულად ცოცხალი, შემოქმედებითი პროცესია, რომელსაც მოაქვს უსაზღვროდ ამაღლებული განწყობა და დადებითი ენერგია, რაც შენგან დამოუკიდებლად გადადის სხვებზე და აკეთილშობილებს განურჩევლად ყველას..
პროფესიით ინჟინერი კვლავ უამრავ ლიტერატურას აგროვებს ვაზის შესახებ, თხოვს ყველას, სახლში, ნასახლარზე თუ ტყეში ხომ არ ეგულებათ ვაზის თუნდაც ერთი ძირი, რომელიც, შესაძლოა, უნიკალური გურული ჯიშისა იყოს.
საკმიელას ერთი ძირი ასეთი ძებნით იპოვა გურია-იმერეთის საზღვართან, სოფელ ვაზისუბანში. ერთ ძირს ისე მოევლო ხეები, წვეროსთან ემჩნეოდა ყლორტები, დანარჩენი ნაწილი გამხმარი იყო. სურს, გურიაში კარგი მყნობელებიც დახელოვნდნენ; არა ერთი ცდილობს და გამოსდის კიდეც, თუმცა ბევრი მაინც არ გვყავს.
_ ეს არ არის მძიმე შრომა, თუმცა, მოითხოვს დიდ ნებისყოფას, რომ მუდამ ვაზთან იტრიალოს, ვენახს არ მოშორდეს, მიხვდეს ყველა წვრილმანს, თითოეული ანასხლავი _ საკვირტე მასალა, ისეთ გვირისტად ამოიყვანოს, რომ სიცოცხლისუნარიანობაში მისხალი ეჭვის შეტანა არ შეიძლებოდეს. აი, ეს არის მევენახის ხელოვნება, ვაზის ქვეყნის შვილს რომ მოეთხოვება, _ გვეუბნება დამშვიდობების ხანს და უახლოესი ” ჯიშთაძიების” მარშრუტსაც გვაცნობს _ მომავალ კვირაში ჩოხატაურის სოფლებს უნდა ეწვიოს.
კვლავ ახალ წარმატებებს, დიდხანს სიცოცხლეს და ვაზივით გამძლეობას ვუსურვებთ, ბატონ ანდროს.