ექსპრემიერის გიორგი გახარიას პარტიული სია ლანჩხუთში უკვე შეჯერებულია.
ჯუმბერ ბლაგიძე, მაკა მშვიდობაძე, გიორგი ანდღულაძე _ ასე გამოიყურება სიის პირველი სამეული.
პარტიული სიის პარალელურად, სამივე მათგანი შესაბამისად სუფსის, ნიგოითის და ქალაქის მაჟორიტარულ უბანში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებია. ირკვევა, რომ დავით დობორჯგინიძემ, რომელიც ბევრისთვის პარტიული სიის პირველ ნომრად მოიაზრებოდა, საარჩევნო შტაბის უფროსობიდან გადადგა. პარტიის ადგილობრივი ლიდერი და მერობის კანდიდატის, ელგუჯა კალანდარიშვილის თქმით, დობორჯგინიძემ ეს გადაწყვეტილება პირადად მიიღო.
“დათო მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია ლესა- ჯურუყვეთის მაჟორიტარულ უბანში და გადაწყვიტა ამ მხრივ გაეკეთებინა მეტი მობილიზება, ამიტომაც დატოვა შტაბის უფროსობა. იგი ჩვენი მაჟორიტარი იქნება, ოღონდ ყოველგვარი დამცავი სიის გარეშე, მან თავად მიიღო ეს საკმაოდ ვაჟკაცური გადაწყვეტილება”, _ გვითხრა კალანდარიშვილმა. მისივე ინფორმაციით, გახარიას საარჩევნო შტაბს ახლა ლანჩხუთში გიორგი კალანდარიშვილი ხელმძღვანელობს.