პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენალურ სხდომაზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, სალომე სამადაშვილმა საზოგადოებას აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა და მიმართა სტუდენტებსაც, რომ ბოიკოტი გამოუცხადონ “რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მსახურ ლექტორებს”.
“თქვენ ხართ ჩვენი თანამოქოლაქეები და ჩვენ ერთად ვართ უმრავლესობა საქართველოში, ვისაც გვსურს ამ ქვეყნის ევროპული მომავალი, მაგრამ ტრაგედიაა, რომ ამ დარბაზში, ვართ უმცირესობაში. ეს რეალობა აუცილებლად შეიცვლება. რაც დღეს უნდა გამოვაცხადოთ არის ერთიანი წინააღმდეგობის მოძრაობა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ.
მიხარია, რომ სულ უფრო მეტი სტუდენტი უერთდება პროტესტს. სტუდენტებო მოგიწოდებთ, ბოიკოტი რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მსახური ლექტორებისთვის. არ შეხვიდეთ მათ ლექციებზე. ამით, თქვენ ყველაზე კარგ პასუხს გასცემთ საოკუპაციო რეჟიმს”,_ განაცხადა სამადაშვილმა.
მას სიტყვით გამოსვლის დასრულება სურდა რატი ამაღლობელის ლექსის წაკითხვით და საამისოდ დროის დამატება ითხოვა, თუმცა მას დრო პარლამენტის თავმჯდომარემ არ დაუმატა.