არჩევნებამდე გიორგი გახარია ამტკიცებდა, რომ ის ოპოზიციას წარმოადგენს და არჩევნების შემდეგ მას აქვს რეალური შესაძლებლობა, რომ არა ფუჭი სიტყვით, არამედ კონკრეტული ქმედებით დაამტკიცოს ის არის ოპოზიციაში თუ ის არის ივანიშვილის სახელისუფლებო პროექტი , – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის” ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებას.
მისივე თქმით, გიორგი გახარიამ უნდა გადაწყვიტოს „ოპოზიციასთან დადგება თუ ხელისუფლებასთან.“
„ამის დამტკიცების უმთავრესი შესაძლებლობა არის მისი პოზიციონირება საკრებულოებში ყველგან მთელი ქვეყნის მაშტაბით. ბევრი საკრებულოა , სადაც ოპოზიციას ერთობლივად შეუძლია მოახდინოს კოალიციური მთავრობის ფორმირება ადგილობრივ დონეზე.
საჯარო იქნება, არასაჯარო, მრგვალი, თუ ოთხკუთხედი მაგიდის ირგვლივ, ფაქტია, რომ ამ ადამიანმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, თუ სად დგება ოპოზიციასთან თუ ხელისუფლებასთან. ამით მისი ამომრჩეველიც ნათლად გაიგებს, რა არის მისი პოლიტიკური არჩევანი ივანიშვილის პროექტად პოზიციონირებს თუ რეალურად სურს ივანიშვილის რეჟიმის შეცვლა. ასე რომ, ამ კონსულტაციებისთვის ჩვენ მზად ვართ, იმიტომ, რომ ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილი არის ის, რომ მოხდეს ოპოზიციური კოალიციური მთავრობების ფორმირება ადგილობრივ დონეზე“ , _ განაცხადა ბოკუჩავამ.
ცნობისთვის, პარტია „საქართველოსთვის“ „ქართულ ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“ სთავაზობს საკრებულოების თავმჯდომარეებთან დაკავშირებით ღია სამმხრივი მოლაპარაკებები გამართონ.