მიმდინარე წლის 28-29 სექტემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ხელშეწყობით, ბოლნისის ჭიდაობის სასახლეში, ჩატარდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირის, საბა დადვანის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ძიუდოში 15 წლამდე ასაკის ვაჟთა შორის. ტურნირში 200-მდე ქართველი და აზერბაიჯანელი მოზარდი იღებდა მონაწილეობას. გამარჯვებულებს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაწესებული მედლები და ძიუდოს ფედერაციის სპეციალური სიგელები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსმა, ლევან ამირიძემ, უწყების სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის თანამშრომელმა, გიორგი ედილაშვილმა და ძიუდოს ფედერაციის წარმომადგენლებმა გადასცეს.
ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, დავით შერაზადიშვილი, მერიის თანამშრომელი, აფხაზეთისა ომის ვეტერანი, მარინა ჯალაღანია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ვეტერანები, საბა დადვანის დედა, ქალბატონი მაია ქალდანი, საბას ძმები, მეგობრები და ნათესავები.
აგვისტოს ომის გმირის, საბა დადვანის სახელობის ძიუდოს ტურნირის დაარსების ინიციატორი, მისი მწვრთნელი, შერმადინ დადვანი გახლავთ. საბა ბავშვობიდან ჭიდაობა ძიუდოთი იყო გატაცებული და ამავე დარბაზში ვარჯიშობდა. საბა დადვანი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტანძიიდან იყო; ვაზიანის მეოთხე ბრიგადაში მსახურობდა. წოდებით კაპრალი, 18 წლის სნაიპერი, ცხინვალში, რუსულმა ჭურვმა იმსხვერპლა; იგი 2008 წლის აგვისტოს ომის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა გმირია. სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით. წელს ქუჩას ტანძიაში, სადაც საბა გაიზარდა, მისი სახელი მიენიჭა. საბა დადვანი 21 სექტემბერს, 30 წლის გახდებოდა.
საბა დადვანის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ძიუდოში წელს პირველად გაიმართა და ტურნირის ინიციატორისა და ორგანიზატორების განცხადებით, ყოველწლიურად ჩატარდება. (R)