დღეს აფხაზეთში გმირულად დაღუპული მერაბ კუპრეიშვილის დაბარების დღეა, ამის შესახებ უკრაინაში გმირულად დაღუპული ჯამბულატ ხოფერიას მამამ, ამჟამად თვითონაც რუსეთის წინააღმდეგ ომში მყოფმა არჩილ ხოფერიამ სოციალურ ქსელში დაწერა.
“მერაბ კუპრეიშვილი… მხედრიონი… ლანჩხუთი… გურია … დაეცა ბრძოლაში მაიმუნსაშენთან ტამიში…
დღეს 58 გახდა მერაბა..
წინა დღეს საღამოს ბრძოლით დაღლილები როცა დავბრუნდით, 7 ბოთლი ღვინო მოიტანა მერაბმა, ჩემმა ძველმა ძმაკაცმა, ჯერ კიდევ სკოლიდან… საიდან ღვინო, _ ვკითხე? _ არ იცი, ხალხი პურ- მარილითაა ჩამოსული და მართლაც, მეორე დღეს, როცა ჩვენ გააფთრებულ ბრძოლაში ვიყავით, იმ ხალხმა მამაჩემს, რომელიც შტაბში მყავდა დატოვებული და რომელიც გამწარებული დარბოდა, რომ ეგებ დაგვხმარებოდნენ, იმ ხალხმა ქეიფზე წასვლა შესთავაზა…
მერაბ, წესი ხომ იცი, ვეუბნები _ არცერთი წვეთი, მიუხედავად იმისა, რომ, ალბათ, 50 გრამიც არ შეხვდებოდა თითოეულს. ხვალ ავიღებთ და მერე…
მეორე დღეს მერაბა ბრძოლაში დაეცა… ჩემს ძმასთან მივიდა, ახლა უკვე ჩემი შვილიც იქაა… მელოდებიან… მელოდებიან…
ბოლო სანგრის შემდეგ, ბიჭებო, ბოლო სანგრის შემდეგ”... _ წერს სოციალურ ქსელში არჩილ ხოფერია.