2017 წლის ივლისის ბოლოდან, სამი თვის განმავლობაში, ახლადშექმნილ ბორდოს ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში საქართველო იქნება მევენახეობა-მეღვინეობისადმი მიძღვნილი მასშტაბური ღონისძიებების პირველი ორგანიზატორი და მასპინძელი–ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნული ფაქტი მნიშვნელოვან მიღწევად შეაფასა და ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა, კიდევ უფრო კარგად გააცნოს მსოფლიოს ქართული კულტურა, ქართული ღვინო და ქვეყნის პოტენციალი.
„ბორდოს ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში წელს პირველად იმართება ღვინის ცივილიზაციის გამოფენა, სადაც საქართველო არის მასპინძელი, როგორც ღვინის ცივილიზაციის აკვანი და ღვინის ქვეყანა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა. ივლისის ბოლოდან ოქტომბრის ჩათვლით, ბორდოსთან ერთად საქართველო უმასპინძლებს გამოფენას, სადაც გაიმართება სხვადასხვა საინფორმაციო ხასიათის წარმოდგენა, იქნება მაქსიმალური ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის, ჩვენი უძველესი კულტურის, ქართული ღვინის, ხელოვნების შესახებ. გამოფენაზე საქართველოს წარდგენას ხელმძღვანელობს სოფლის მეურნეობის მინისტრი.
ღონისძიების განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, მინდა, ვთხოვო ყველა უწყებას, მაქსიმალურად ითანამშრომლოს ბატონ ლევან დავითაშვილთან, რათა საქართველო საუკეთესო კუთხით წარმოჩინდეს. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ცნობადობის ამაღლების და ჩვენი უძველესი კულტურის გაცნობის კუთხით. ეს არის დიდი მიღწევა, რომ ბორდოს ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში, პირველი საგამოფენო წლის განმავლობაში, საქართველო იქნება მასპინძელი. მინდა, ყველას მოგილოცოთ ეს მიღწევა. ასეთი რამ ალბათ წარმოუდგენელი იყო წლების წინ და დღეს ეს გახდა შესაძლებელი, რაც უდიდესი მიღწევაა,”–აღნიშნა პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ.