ბორჯღალოსნების განახლებულმა სამწვრთნელო შტაბმა, 2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის შეხვედრებისთვის 9 პოტენციურ დებიუტანტს უხმო.
ესენი არიან: ბურჯი მამუკა მსტოიანი, მეორეხაზელები – თემურ წულუკიძე, დავით ლაგვილავა და გაგი მარგველაშვილი, მესამეხაზელი ანდრო დვალი, 9 ნომერი გიორგი სპანდერაშვილი, ცენტრი დავით ბარბაქაძე, ფრთა ნიკოლოზ რეხვიაშვილი და ფულბეკი ოთარ მეტრეველი. მათგან რამდენიმე გაფართოებულ შემადგენლობაში აქამდეც ყოფილა, თუმცა ნაკრების კვართით ჯერ არ უთამაშიათ.
გარდა ამისა, პიერ-ანრი ბრონკანმა და მარკო ბორტოლამიმ გუნდში რამდენიმე ისეთი მოთამაშე დააბრუნეს, რომელთაც დიდი ხანია ნაკრებში აღარ უთამაშიათ. 2021 წლის შემდეგ ბორჯღალოსნებში ბრუნდება ‘სტად ფრანსეს’ ბურჯი გიორგი მელიქიძე, რომლის ანგარიშზე 26 კეპია. 2024 წლის შემდეგ ნაკრებში აღარ უთამაშია ‘მონ დე მარსანის’ მესამეხაზელს იოანე იაშაღაშვილს. მან ნაკრებში ერთადერთხელ, 2024 წელს ავსტრალიის წინააღმდეგ ითამაშა. შარშანდელი რაგბი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, გუნდში ბრუნდებიან ლუკა გოგინავა და ლუკა ნიორაძე.
გაფართოებულ შემადგენლობაში სულ 34 მორაგბეა, რომელთაგან 20 შერკინების, ხოლო 14 ხაზის მოთამაშეა. მათგან 27 ლეგიონერია, 6 ‘შავი ლომის’ ღირსებას იცავს, ერთი კი ნაკრებში საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგიდან მოხვდა. ეს ნიკოლოზ რეხვიაშვილია, რომელიც რეგულარულად თამაშობდა საქართველოს 7-კაცა ნაკრებში, 15-კაცა გუნდში კი პირველად უხმეს.
რაგბი ევროპის 17-გზის გამარჯვებული საქართველო ტიტულის დაცვას 8 თებერვალს დაიწყებს და პირველ მატჩს ივერდონში შვეიცარიასთან გამართავს, 15 თებერვალს ნიდერლანდებს ამსტერდამში ეთამაშება, ჯგუფურ ეტაპს კი 21 თებერვალს თბილისში (ავჭალაზე), ესპანეთთან დაასრულებს. ნახევარფინალები 7-8 მარტს, ხოლო ფინალები 15 მარტს გაიმართება.



































































