„ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც თავდაცვის სამინისტრო არასწორი შესყიდვების პოლიტიკის გამო დროშების გარეშეა დარჩენილი, სამინსტრო ცრუს უწოდებს და არ ეთანხმება.
„აღნიშნული აბსურდული ბრალდება მიზანმიმართული ცილისმწამებლური კამპანიის ნაწილია, რომელიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და მთლიანად თავდაცვის სამინისტროსა და ჯარის დისკრედიტაციის მიზანს ემსახურება.
„საზოგადოებისათვის განვმარტავთ, რომ თავდაცვის უწყების ყველა ობიექტზე, სადაც ეს განსაზღვრულია, აღმართულია სახელმწიფო დროშები, ხოლო დროშების გადაუდებელი შესყიდვის აუცილებლობის ვითარების დადგომა გამოიწვია ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობაში წარმოდგენილი დროშების მარაგების შევსების გადაწყვეტილებამ და პანდემიით გამოწვეული სავარაუდო შეფერხების თავიდან აცილებამ.
უნდა აღინიშნოს, რომ ვერც ერთი პოლიტიკურად ანგაჟირებული და ჩასაფრებული მედიასაშუალება თუ სუბიექტი ვერ აჩვენებს თავდაცვის უწყებაში შესაბამისი წესებით განსაზღვრულ ადგილებში სახელმწიფო დროშების პრობლემას, რასაც აღნიშნული, კონკრეტული ფაქტების გარეშე წარმოდგენილი სიუჟეტიც ადასტურებს.
რაც შეეხება ვერშესრულებულ ტენდერს, როგორც მოგეხსენებათ, მსგავსი ტენდერები ტარდება სრულიად ღიად და გამჭვირვალედ, ელექტრონული წესით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ. აღსანიშნავია, რომ სიუჟეტში კიდევ ერთი ტყუილი გავრცელდა, თითქოს, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ადრე არ შეუსრულებია მსგავსი მომსახურება. სინამდვილეში, მას არაერთი სახელმწიფო უწყებისთვის, მათ შორის, თავდაცვის სამინისტროსთვის გაუწევია ანალოგიური საქონლის მოწოდება.
ამჯერად კი, მიმწოდებელის მიერ შეუსრულებელი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, გამოიწვია აღნიშნული კომპანიის მფლობელის გარდაცვალებამ და ამის შედეგად, მათთვის საზღვრებზე წარმოშობილმა პროცედურულმა და ლოჯისტიკურმა პრობლემებმა. შესაბამისად, იმისათვის, რომ ახლო მომავალში ზიანი არ მიდგომოდა თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალებს, დაქვემდებარებული სამხედრო ქვედანაყოფების ტერიტორიაზე განთავსებული ლატანებისა და სხვადასხვა სახის დაგეგმილი ღონისძიებების სახელმწიფო დროშებით უზრუნველყოფას, დადგა გადაუდებელი შესყიდვის აუცილებლობა, რაც, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიმეორებთ, რომ განპირობებულია მარაგების შევსების მიზნით“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.