ბრაზილიური ლუდსახარში კომპანიები ბაზარზე სპეციალურად ძაღლებისთვის განკუთვნილ ლუდს უშვებენ.
პროდუქტი უკვე დააგემოვნეს ოთხფეხა დეგუსტატორებმა და ბრაზილიურ მაღაზიებში იგი აგვისტოში გამოჩნდება.
ახალი „სავაჭრო მარკის“ მფლობელ მარკუ მელუს თქმით, მეპატრონეებს ძალიან უყვართ საკუთარი შინაური ცხოველების განებივრება და მათთვის საკვების თუ სასმელის გაზიარება, ამიტომ მისი პროდუქცია აუცილებლად ნახავს მომხმარებელს.
ძაღლების ლუდი რიო-დე-ჟანეიროს ტექნოლოგიურ ინსტიტუტ „სენაიში“ დამზადდა. სასმელის ზუსტი რეცეპტი გასაიდუმლოებულია, თუმცა ცნობილია, რომ მის შემადგენლობაში შედის სუფთა ალაო და ხორცის ექსტრაქტი. განსაკუთრებული „ხორცის არომატი“ ძაღლების ლუდის საფირმო საიდუმლოა. ლუდი უალკოჰოლოა, რადგან სასმელში მცირე დოზის ალკოჰოლიც კი, დეგუსტატორმა ძაღლებმა არ მოიწონეს.
ძაღლების ლუდის შემქმნელები იმედოვნებენ, რომ მათ ლუდზე მოთხოვნა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის დროს გაიზრდება. სტატისტიკურად, ბრაზილიაში ყოველი ოთხი ლიტრა ლუდიდან, ერთ ლიტრს ფეხბურთის ყურების დროს სვამენ. ამიერიდან ფეხბურთის ყურება და ლუდის სმა ბრაზილიელ მამაკაცებს საყვარელ ოთხფეხა მეგობრებთან ერთად შეეძლებათ.