უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავზე დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ფინანსური სანქციები დაუწესა საქართველოში მოქმედ ორ პროსახელისუფლებო ტელევიზიას, „ტელეიმედსა“ და „პოსტივის“ (PosTV).
- „იმედი“ წინა მფლობელმა ირაკლი რუხაძემ 2026 წლის თებერვალში გაყიდა – დოკუმენტების თანახმად, „სიმბოლურ ფასად“, 1000 ლარად. ახალი მფლობელია ილია მიქელაიშვილი, – „იმედის“ 5 თანამშრომელთან ერთად.
- პოსტვ-ის 52%-იანი წილი „ქართული ოცნების“ განაყოფის, „ხალხს ძალის“ ლიდერ ვიქტორ ჯაფარიძეს აქვს, ხოლო 24% – შალვა რამიშვილს. დანარჩენ 24%-ს თემურ ჭარელაშვილი ფლობს.
სამშაბათს, 24 თებერვალს, – უკრაინაში ომის დაწყებიდან ზუსტად ოთხი წლის შემდეგ – ბრიტანეთის საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისმა განაახლა რუსეთისთვის დაწესებული სანქციების სია.
სიას 300-მდე სუბიექტი დაამატა – მათ შორისაა ქართული ტელევიზიები.
საფუძველი: „დეზინფორმაცია დესტაბილიზაციის მიზნით“
ორივე ტელევიზიის სანქცირების საფუძვლად ბრიტანეთის მთავრობა ასახელებს „დეზინფორმაციას“ უკრაინასთან დაკავშირებით. კერძოდ:
„ის ავრცელებს განზრახ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ ძირითადად საქართველოში მყოფ აუდიტორიაში, – ინფორმაციას, რაც მხარს უჭერს ან ხელს უწყობს პოლიტიკას ან ქმედებას, რომელიც ახდენს უკრაინის დესტაბილიზაციას ან ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს ან დამოუკიდებლობას“.
ბრიტანეთის მთავრობა ასევე მიუთითებს, რომ ორივე ტელევიზია შემდეგნაირად იქცევა:
„რეგულარულად ავრცელებს შინაარსს, რომ უკრაინის მთავრობა და პრეზიდენტი ზელენსკი არალეგიტიმურია, უკრაინა დასავლეთის „მარიონეტია“, უკრაინა კორუმპირებული ქვეყანაა და რომ უკრაინა და დასავლეთი ცდილობენ საქართველოს დესტაბილიზაციას“.
წყარო: radiotavisupleba.ge
































































